უპირველეს ყოვლისა გილოცავთ ახალ წელს და დამდეგ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს, გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებებს პირად ცხოვრებასა და პროფესიულ საქმიანობაში.
ტრადიციულად წარმოგიდგენთ C ჰეპატიტის სკრინინგის ყოველკვირეულ ანგარიშს 2020 წლის 5 იანვრის მდგომარეობით.
ბოლო მონაცემებით, 2019 წელს ჩატარდა 1,186,178 სკრინინგი, გამოკვლეული იქნა 578,314 უნიკალური პირი, გამოვლენილი იქნა
C ჰეპატიტზე სკრინინგით დადებითი 21,245 უნიკალური პირი, დაკონფირმირდა 20,964 პირი, კონფირმაციით დადასტურდა 15,610 შემთხვევა, მკურნალობაში ჩართული იქნა 12,381 პირი.
აქვე, მოგახსენებთ, რომ FIND-ის მხარდაჭერით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებთან გაფორმდა ხელშეკრულებები 2020 წლის 1 იანვრიდან C ჰეპატიტზე სკრინინგით დადებითი 7,143 პირის აქტიური მოძიებისა და შემდგომ დიაგნოსტიკურ კვლევებსა და მკურნალობაში ჩართვის მიზნით. პროექტის შესრულების ინდიკატორად განისაზღვრა მოსაძიებელ პირთა 70%-ის კონფირმაცია და კონფირმაციით დადებითი პირებიდან 50%-ის მკურნალობაში ჩართვა.
აღნიშნული მიზნით ჩვენი სპეციალისტების მიერ დეკემბრის თვეში გადამზადდა თითოეული სჯდ ცენტრის ეპიდემიოლოგი და ინტეგრირებული სკრინინგის პროექტის ფარგლებში მათ მიერ დაკონტრაქტებული პირველადი ჯანდაცვის სპეციალისტები, რათა ეპიდემიოლოგისა და ოჯახის ექიმისგან დაკომპლექტებული ჯგუფების მიერ განხორციელდეს შესაბამისი პირების მოძიება, დამუშავდა მოსაძიებელ პირთა დეტალური სიები (18-70 წლის ასაკის ჩათვლით) ბენეფიციართა იურიდიული მისამართის/საყოველთაო ჯანდაცვის გეგმიური ამბულატორიული სერვისის მიმწოდებლებთან რეგისტრაციის მონაცემების/სკრინინგის ჩატარების თარიღის მითითებით. ამჟამად, სჯდ ცენტრების მიერ დგება გეგმა-გრაფიკი და ამ სიების ოჯახის ექიმებსა და ეპიდემიოლოგებზე გაპიროვნება, რომლის მიხედვითაც მომდევნო 30-45 დღის მანძილზე უნდა განხორციელდეს აქტიური მოძიება, კარდაკარ ვიზიტი და სკრინინგით დადებით პირთა კონფირმაციულ კვლევებში ჩართვის ხელშეწყობა. სჯდ ცენტრებიდან აღნიშნული გეგმა-გრაფიკების მოწოდების ვადად განისაზღვრა მომდევნო კვირა, რომლის მიხედვითაც განხორციელდება შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი და მიღებული შედეგების თაობაზე ინფორმაციას წარმოგიდგენთ შესაამისი პერიოდულობით.
პატივისცემით
ხვიჩა