ქალბატონო თამარ, მოგესალმებით,
ჯგუფში გაგზავნამდე გიგზავნით ორგანოების გადანერგვის კანონპროექტს, რომელიც ჩემი კუთხით, სამართლებრივად კიდევ ერთხელ დავამუშავე დარგის ექსპერტთან საკითხების გავლის შემდეგ.
აქვე მინდა გითხრათ რამდენიმე გარემოების შესახებ, რომელიც მუშაობის პროცესში გამოიკვეთა:
1. მთარგმნელობითი საქმიანობა
კანონპროექტების ინგლისური ვერსიების ქართული ნათარგმნები საკმაოდ ხარვეზიანია. დირექტივის და ინგლისური ვერსიების რიგი ნორმები და ტერმინები ქართულ თარგმანში არასწორადაა გაგებული. ამავე დროს, ამჟამად ამ პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს პარალელურად როგორც ინგლისურ ვერსიებზე ხორვატების მიერ, ასევე ჩვენს მიერ ქართულ ვერსიებზე. ამოტომ ახალი ვერსიებიც (და სხვა გამომდინარე კანონპროექტებიც) ალბათ უნდა ითარგმნოს ქართულ და ინგლისურ ენებზე. საკითხს იცის ართულებს, რომ დირექტივების ქართული თარგმანები საერთოდ არ გვაქვს. ბევრი საკითხი დირექტივებიდან გამომდინარე ახლა უნდა დამკვიდრდეს ქართულ კანონმდებლობაში, ხოლო თვითონ ის საკითხები, რომლებსაც კანონპროექტები არეგულირებს, დარგობრივი და სპეციფიკურია. ამიტომ, ჩემი აზრით, საჭიროა რომ პროექტში ჩაერთოს კვალიფიციური და სანდო მთარგმნელი, რომელიც იმუშავებს როგორც დოკუმენტების თარგმნაზე, ასევე, დარგის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, მუშაობის პროცესში კომუნიკაციაზეც.
2. კომპეტენტური ორგანოს საკითხი.
კანონპროექტში ამ ეტაპზე წერია ზოგადი ჩანაწერი რომ "კომპეტენტური ორგანო" არის კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანო. შეგვიძლია ჩავწეროთ "კომპეტენტური ორგანო" არის "სამინისტროს კომპეტენტური სამსახური". საქმე იმაშია რომ როგორც დარგის სპეციალისტი მეუბნება, კომპეტენტური ორგანოს უფლებამოსილებები გაიყოფა და შეითავსებენ პოლიტიკის დეპარტამენტი და რეგულირების სააგენტო. თუმცა, ეს საკითხი ჩემი აზრით არის სამინისტროს დონეზე გადასაწყვეტი.
3. ლიცენზირების საკითხი.
კანონპროექტში ამ კუთხით რიგი ჩასწორებები გავაკეთე, თუმცა, ეს საკითხი შემდგომ მსჯელობას საჭიროებს. კერძოდ, ჩვენთან ლიცენზია უვადოა, ხოლო უცხოელები ითხოვენ, რომ საქმიანობის უფლება ვადიანი იყოს. დარგის ექსპერტი გვთავაზობს რომ ლიცენზიასთან ერთად დამატებითი პირობაც ჩავდოთ (როგორც პერინატალურის შემთხვევაში რეგიონალიზაცია), რაც ცოტა ბუნდოვნად მეჩვენება, რადგან აქ ბევრი ნიუანსია (1. რა დავარქვათ ამ ე.წ. "რეგიონალიზაციას" (ჩემი აზრით, ავტორიზაციას ვერ დავარქმევთ, როგორც კანონპროექტის საწყის ვარიანტში იყო), 2. ჩავდოთ თუ არა დამატებით სალიცენზიო პირობად ეს ე.წ. ავტორიზაცია და რა ფორმით უნდა მოხდეს ეს 3. თუ სტაციონალური დაწესებულების ნებართვის კუთხით წავიდეთ (რადგან მოქმედი ორგანოების გადანერგვის და პერინატალურის შემთხვევაში ასეა), 5. რამდენი ლიცენზია უნდა გაიცეს და რომელ საქმიანობებზე და ა.შ.). ამ ეტაპზე ეს საკითხები დასაზუსტებელია და გასავლელია როგორც უცხოელ ექსპერტებთან, ისე სამინისტროსთან.
4. გადანერგვის მომლოდინეთა სია
უნდა ჰქონდეს თუ არა ბინადრობის უფლების მქონე ყველა პირს უფლება, ჩაერთოს გადანერგვის მომლოდინეთა ეროვნულ სიაში. ჩვენი კანონმდებლობით გვყავს მუდმივად მობინადრე პირები , ასევე დროებით მობინადრე პირები (დროებით მასიურად ჩამოსული პირები (ლტოლვილები), ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები). ჩვენ ყველას ვაძლევთ საშუალებას რომ ორგანოთა გადანერგვის სიაში ჩაერთონ და ორგანო მოიპოვონ? ეს საკითხი დირექტივით არ რეგულირდება და სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს.