· ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 6 წლის თავზე, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით, რასაც მოყვა კონკრეტული ხელშესახები შედეგები ჩვენი ქვეყნისათვის - თითოეული ჩვენი მოქალაქისათვის.
· ჩვენმა ხელისუფლებამ და პოლიტიკურმა გუნდმა, ამ ექვსი წლის განმალობაში, ქართველი ხალხის და ჩვენი პარტნიორების წინაშე ნაკისრი ვალდებულებები, რაც პირველ რიგში გულისხმობს ევროპული სტანდარტების შესაბამისად ქვეყნის განვითარებას, პირნათლად შეასრულა და შედეგად დღეს საქართველო აღიარებულია ლიდერ რეფორმატორ ქვეყანად აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, რაც არაერთი ევროკავშირის შეფასებითი ანგარიშით და ევროკომისიის მაღალი დონის წარმომადგენლთა განცხადებით დასტურდება.
· ჩვენ წარმატებით განვახორციელეთ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური რეფორმები, ისეთ სფეროებში, როგორებიცაა კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, პენიტენციური სფერო, განათლება, მეცნიერება და ინოვაციები, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი, საჯარო სამსახურის რეფორმა, ენერგეტიკა, რეგიონული განვითარება და დეცენტრალიზაცია და სხვა.
· ევროკავშირთან საკანონმდებლო და ინსტიტუციურ დონეზე აპროქსიმაციის მიზნით, განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობის დაახლოვება ევროკავშირის 170-მდე საკანონმდებლო აქტთან და ჩამოყალიბდა მნიშვნელოვანი მარეგულირებელი ინსტიტუტები (სასურსათო უვნებლობის სააგენტო, კონკურენციის სააგენტო, ბაზრის ზედამხედველობის სააგენტო, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი, ადამიანის უფლებების დეპარტამენტი შსს-ში, ახალგაზრდობის სააგენტო, დასაქმების სააგენტო და სხვ)
· ასოცირების შეთანხმებამ, რომელმაც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობას (DCFTA) მოიცავს, ახალი ბიძგი მისცა საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას. შედეგად 12% გაიზარდა საქართველოდან ეროვნული პროდუქციის ექსპორტი, ხოლო ევროკავშირი გახდა საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი (24%). საქართველოს 800-ზე მეტი კომპანია საქმიანობს და პროდუქცია გააქვს ევროკავშირის ბაზარზე. ხოლო ევროკავშირის დახმარებით საქართველოში შეიქმნა 1500-მდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციული მეურნეობა.
· ასოცირების შეთანხმებით და ჩვენი ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგად, დღეს საქართველო საინვესტიციო კლიმატით არის მოწინავე ქვეყანა რეგიონში, სადაც ინვესტირებისა და პროდუქციის წარმოების შემთხვევაში, ინვესტორებს ეძლევათ შესაძლებლობა ტარიფების გარეშე მოახდინონ საკუთარი პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე.
· ამ 6 წლის განმალობაში, სწორედ საქართველოს ხელისუფლების რეფორმების სწორი კურსის და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების შედეგად, ჩვენ გვაქვს ევროკავშირის დახმარების მნიშვნელოვან ზრდა, რომელის ოდენობამ ბოლო 6 წლის განმავლობაში, მთლიანობაში 1 მილიარდ ევრომდე შეადგინა. ფინანსური დახმარების მასშტაბები ეტაპობრივად იზრდება რაც ყოველწლიურად, მხოლოდ ორმხრივ ფორმატში, 120 – 130 მილიონ ევროს შეადგენს.
· ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით, ქართველ სტუდენტებს, მეცნიერებს, კულტურის სფეროს წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამებში და დღეს საქართველო იკავებს მე-6 ადგილს ევროკავშირის 141 პარტნიორ ქვეყანას შორის, ERASMUS-ის პროგრამაში განხორციელებული მობილობების რაოდენობით (ისარგებლა 4755 სტუდენტმა და მეცნიერმა).
· სწორედ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ენერგეტიკის სფეროში განხორციელებული თანმიმდევრული რეფორმების შედეგად საქართველო 2016 წელს გახდა ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი.
· მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირთან ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესი ასოცირების შეთანხმებისგან დამოუკიდებლად მიმდინარეობდა, მათ შორის, სწორედ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, ჩვენი ხელისუფლების მიერ განხორციელებულმა კომპლექსურმა და საკმაოდ რთულმა რეფორმებმა, ხელი შეუწყო, 2017 წელს ვიზა ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებას, რომლითაც უკვე 550 ათასამდე საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა (განახორციელდა 1,118640 ვიზიტი). თავად ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა საქართველომ ასევე 2013 წელს მიიღო და წარმატებით განვლო გეგმით გათვალისიწინებული ოთხივე ეტაპი.
· ასოცირების შეთანხმებამ ხელი შეუწყო პოლიტიკური მხარდაჭერის მობილიზებას ევროკავშირის მხრიდან, მათ შორის საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად.
ასოცირების შეთანხმება მნიშვნელოვან როლს თამაშობს ევროკავშირში საქართველოს სრულფასოვანი წევრობისათვის პოლიტიკური გადაწყვეტილების მომზადებაში, რაც ასოცირების შეთანხმების თანმიმდევრულად და ეფექტიანად განხორციელების შემთხვევაში საქართველოს ევროკავშირში წევრობას შეუქცევადს ხდის.