• კომპანია “გორბის” მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მოსახლეობის 55% “ქართულ ოცნებას” დაუჭერდა მხარს (კვლევაში მეორე ადგილს “ნაციონალური მოძრაობა” იკავებს მხოლოდ 12%-ით).
“ქართული ოცნების” მიმართ მოსახლეობის 63% დადებითად არის განწყობილი.
მოსახლეობის განწყობები მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული, როგორც ქვეყნის მომავლის რწმენის, ხელისუფლების მიერ არჩეული ქვეყნის განვითარების კურსის, ასევე, ბუნებრივია, თავად მმართველი პოლიტიკური ძალისადმი. “ქართული ოცნება” პოლიტიკურ ველზე უპირობო ლიდერია შეფასების ყველა კრიტერიუმის მიხედვით.
• რა თქმა უნდა, ხელისუფლებაში ყოფნის 8 წლის თავზე, მოსახლეობის მხრიდან ასეთი მაღალი ნდობა, ჩვენთვის უდიდესი პასუხისმგებლობა და სტიმულია, რომ სწორად, გააზრებულად და დაბალანსებულად განვაგრძოთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის საჭირო საქმის კეთება.
• ეს შედეგები გვიჩვენებს, რომ მოსახლეობა სწორად აფასებს და მოსწონს “ქართული ოცნების” მართვის დემოკრატიული სტილი, მოსწონს ხელისუფლების მხრიდან გამოვლენილი ჰუმანურობისა და მზრუნველობის მაღალი ხარისხი და იმავდროულად ხედავს ამ ტიპის მმართველობის მაღალეფექტიანობას. “ქართული ოცნება” ქვეყანას ყოველთვის მართავდა ეფექტიანი და იმავდროულად ჰუმანური, დემოკრატიული მეთოდებით, თუმცა, კრიზისმა მართვის ამ მოდელის ეფექტიანობასა და უპირატესობას მკვეთრად გაუსვა ხაზი და კვლევაში მოსახლეობის ეს განწყობაც სწორად არის ასახული.
• კრიზისულ პირობებში, როდესაც თეთრსა და შავს შორის სხვაობა კიდევ უფრო მკაფიო გახდა, როდესაც ერთ მხარეს დადგა - ქართველი ხალხი, “ქართული ოცნება”, ქართველი ექიმები, ხოლო მეორე მხარეს -კორონავირუსი, ოპოზიცია და მათი მართული მედია თავისი ფეიკნიუსებით, პანიკის თესვის მცდელობითა და სხვა მავნებლობებით; როცა ჩვენი საზოგადოების წინაშე დადგა ეგზისტენციალური, გლობალური საფრთხე და არა ოპოზიციის მიერ შეთითხნილი, გამოგონილი პრობლემები, როგორც გასული 8 წლის განმავლობაში ხდებოდა, რა თქმა უნდა, არჩევანი კიდევ უფრო გამარტივდა. სწორედ ამაში მდგომარეობს კრიზისის გავლენა აღნიშნულ კვლევაზე, მოხდა პოზიციების კრისტალიზება, უფრო მკაფიოდ გამოკვეთა, და არა არსებითი ცვლილება. საზოგადოება ამ კრიზისის გარეშეც ბევრად უფრო კეთილგანწყობილი იყო მმართველი პოლიტიკური ძალისადმი და ნეგატიურად განწყობილი დესტრუქციული ოპოზიციისადმი. უბრალოდ ჩვეულ გარემოში, სადაც არა რეალურ პრობლემებს, არამედ ფეიკნიუსს, ცილისწამებას და გამოგონილ ბრალდებებს ეკავათ პოლიტიკური ველი, მოსახლეობის რეალური პრობლემები, რეალური პოზიციები ასე მკაფიოდ არ იყო გამოხატული, კრიზისის შედეგად კი ამ პოზიციების მკვეთრი კრისტალიზება მოხდა.
(ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, გამოკითხულთა მხოლოდ და მხოლოდ 17%-ია გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, რაც ძალიან იშვიათად ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში)
• აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური განწყობები არსებითად კი არ შეიცვალა, არამედ მოსახლეობის განწყობები უფრო მეტად გამოიკვეთა და, შესაბამისად, პოლიტიკური რეიტინგებიც თავის ბუნებრივ, ნორმალურ ნიშნულს დაუბრუნდა.
• ეს ბუნებრივიც არის, რადგან ჩვენი ქვეყნის შემთხვევაში, ასეთი დესტრუქციული ოპოზიციისა და დემოკრატიული, ეფექტიანი ხელისუფლების პირობებში, „ქართული ოცნებისთვის“ სწორედ ეს (ამ ახალი კვლევის) რეიტინგია ნორმალური და არა ის ანომალიური პოლიტიკური პროცესები, რომლის წარმართავსაც ცდილობს ხოლმე დესტრუქციული ოპოზიცია.
• რაც შეეხება ჩვენს ოპონენტებს; კრიზისის დროს ოპოზიციასაც ჰქონდა შანსი, რომ დროებით მაინც შეეწყვიტა მავნებლობა და გაჭირვებისას, თუნდაც ერთხელ მაინც დამდგარიყო საკუთარი ხალხის გვერდით; მათ ეს შანსი არათუ ვერ გამოიყენეს, არამედ დარჩნენ მავნებლებად, კორონავირუსის მომხრეებად, და ასე წარდგნენ საზოგადოების წინაშე; შედეგად, ხელისუფლებისთვის ზიანის მიყენების მცდელობამ თავად ოპონენტები თითქმის სრულად გაანადგურა და მმართველ გუნდს სრულად ჩამორეცხა მათი პროპაგანდის მიერ შექმნილი უსაფუძვლო და უსამართლო ცილისმწამებლური კლიშეები!
• რა თქმა უნდა, არც ეს რეიტინგები და არც საერთაშორისო საზოგადოებისა და მედიის მიერ საქართველოს ხელისუფლებისადმი გამოთქმული დადებითი შეფასებები, ამ კრიზისის პირობებში, ჩვენ არ გვაძლევს მოდუნებისა და თვითკმაყოფილების უფლებას. ამ პოსტკრიზისულ პერიოდში მსოფლიოსა და ჩვენი ქვეყნის წინაშე დიდი გამოწვევები დგას. “ქართული ოცნების” ერთიანი სახელისუფლებო გუნდი ამ გამოწვევებს თვალს უსწორებს და მათში არა უბრალოდ პრობლემას, არამედ შესაძლებლობას ხედავს. ჩვენ ამ შესაძლებლობას აუცილებლად გამოვიყენებთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის უკეთესი მომავლის შესაქმნელად.