| From : | tamta mikeladze <t.mikeladze@yahoo.com> |
| To : | Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Eter Tskhakaia <etskhakaia@ssa.gov.ge> |
| Subject : | მუსლიმურ პანსიონატებთან შეხვედრის შეჯამება_მომავალი გეგმები |
| Received On : | 08.03.2019 21:38 |
| Attachments : |
ქალბატონო თამარ, ეთერ მოგესალმებით,
იმედია, რომ თქვენთან ყველაფერი ნორმალურად არის. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ თანამშრომლობისთვის და 2 მარტს ბათუმში ორგანიზებულ საკონსულტაციო შეხვედრაში მონაწილეობისთვის.
ქალბატონმა ეთერმა და იამ ალბათ უკვე გაგიზიარათ შეხვედრის დროს ექსპერტების, სახალხო დამცველის და მუსლიმური პანსიონატების ადმინისტრაციის მხრიდან გაზიარებული წუხილები ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით. მაგრამ ვიფიქრე, რომ მცირე მიმოხილვას შეხვედრის შედეგების გათვალისწინებით მეც გაგიზიარებთ და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვაზე მსჯელობას უკვე დავიწყებთ.
როგორც თქვენთვის ცნობილია სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებები 2018 წლის 1 სექტემბრიდან რელიგიურ პანსიონატებს ლიცენზირების პროცესის გავლას და ტექნიკური რეგლამენტის - ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების დაკმაყოფილებას ავალდებულებს. სამწუხაროდ, აღნიშნული ცვლილებები ისე გატარდა, რომ კანონმა არ გაითვალისწინა რელიგიური პანსიონატების საქმიანობის სპეციფიკა და მათზე ზრუნვამოკლებული ბავშვების აღზრდაზე ორიენტირებული ინსტიტუციების რეგულირება გაავრცელა. რელიგიური პანსიონატები არსებითად საგანმანათლებლო მიზნებს ახორციელებენ, მათი ბენეფიციარები არ წარმოადგენენ მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს, ბენეფიციარების დიდი ნაწილი 15 წლის ზემოთ ყავთ. შესაბამისად, ოჯახური გარემოს შექმნის/მასთან დაახლოებული გარემოს იგივე სტანდარტების და მოთხოვნების წაყენება მათთვის უსამართლო და გაუმართლებლად გადაჭარბებული ტვირთია.
დისკუსიის გამოჩნდა შესაძლო დისკრიმინაციული მოპყრობის არგუმენტი რელიგიური პანსიონატებს და იმ სკოლა-პანსიონატებს შორის, რომელიც განათლების სამინისტროს დაქვემდებარეში არსებობს და მათზე სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ კანონის მოთხოვნები ავტომატურად არ ვრცელდება (კანონის პირველი მუხლი ექსპლიციტურად გამორიცხავს მისი რეგულირების სფეროდან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ნუსხაში მოქცეულ სკოლა-პანსიონებს, სადაც როგორც ვიცით, თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული პრობლემატური პანსიონატები მექანიკურად ასევე შეიყვანეს). მიუხედავად იმისა, რომ განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში მოქცეულ სკოლა პანსიონატების ნაწილი დიდი ინსტიტუციებია და როგორც კვლევებიც აჩვენებს იქ არსებული საცხოვრებელი და უფლებრივი მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა, მათი კანონის მოქმედების სფეროდან გამორიცხვა და შესაბამისად, დადგენილი სტანდარტების არ გავრცელება უთანასწორო მოპყრობის ეჭვებს აჩენს. გაუგებარია ეს დიფერენცირება რა ნიშნით და რა ლეგიტიმური მიზნებით მოხდა კანონმდებლის მიერ.
ამასთან კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების ტერიტორიას და რაოდენობას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი პირის შერჩევის წესსა და პირობებს. ამდენად იმ შემთხვევაშიც კი თუ რელიგიური პანსიონატი დააკმაყოფილებს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, სამინისტროს მიერ სააღმზრდელო დაწესებულების რაოდენობის და ტერიტორიის განსაზღვრის სავალდებულო პრინციპი გამორიცხავს პანსიონატების თავისუფალი დაფუძნების და ლიცენზირების შესაძლებლობას. ბუნდოვანია რელიგიური პანსიონატების შემთხვევაში რა ობიექტური და განჭვრეტადი კრიტერიუმებით შეიძლება განისაზღვროს სამინსიტროს მიერ მათი რაოდენობა და ტერიტორია. კანონის ეს ჩანაწერი რეალურად აჩვენებს, რომ კანონის მიზანი მზრუნველობამოკლებული ბავშვების ინსტიტუციების მოწესრიგება უფრო იყო და ის სათანადოდ ვერ ხედავდა რელიგიური სკოლა პანსიონატების სპეციფიკას (გიგზავნით პარტიორობა ბავშვებისთვის მიერ მომზადებული 2016 წლის პოლიტიკის დოკუმენტს სააღმზდელო დაწესებულებებზე).
შეხვედრის ფარგლებში პანსიონატის წევრებმა აღნიშნეს, რომ ისინი არ არიან წინააღმდეგები მათი საქმიანობის სახელმწიფო რეგულირებას, მათ შორის, ისინი უშვებენ ლიცენზირების სავალდებულო წესის, ბენეფიციარების
ასაკობრივი შეზღუდვის (მაგალითად 9 კლასის შემდეგ მოსწავლეების მიღებას), სახელმწიფო
მონიტორინგის, საცხოვრებელი სტანდარტების, ძალადობის და უფლებების დარღვევის პრევენციის
ინსტრუმენტების გამოყენებას. თუმცა კანონის არსებული მოთხოვნები (მათ შორის, ცალკე შენობაში მხოლოდ 10 ბენეფიციარის მიღების
და ორგანიზების წესი, კანონის 3.1 მუხლი) მათ საქმიანობას თეორიულადაც კი შეუძლებელს ხდის და მათი დახურვისკენ ორიენტირებული გადაწყვეტილებად უფრო იკითხება. პანსიონატების ხელძღვანელების თქმით, რამდენიმე ასეთი პანსიონატი კანონის მკაცრი მოთხოვნების გამო უკვე დაიკეტა კიდეც. მათი აზრით, სამწუხაროა, რომ სახელმწიფო სათანადო ვერ იაზრებს იმ სოციალური მნიშვნელობას, რომელსაც მაღალმთიან აჭარაში ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის არ ქონის პირობებში, პანსიონატები ასრულებენ. მათი თქმით, პანსიონატებმა განსაკუთრებული როლი გოგონების განათლების
კუთხით შეასრულეს, რადგან მშობლები ინდივიდუალურად გოგონებს ქალაქში უფრო ნაკლებად
უშვებდნენ. პანსიონატების დაცული და ორგანიზებული სივრცე კი მათთვის უსაფრთხოების უფრო
მეტი გარანტიაა. მუსლიმი თემის თქმით, აჭარაში რელიგიური ინდოქტრინაციის პრაქტიკების პირობებში, პანსიონატები ისლამური განათლების და იდენტობის დაცვის საშუალებას ასევე წარმოადგენს და მათი საქმიანობის შეზღუდვა რელიგიური თავისუფლების შეზღუდვის განცდას ასევე იწვევს თემში.
სამწუხაროა ის, რომ კანონის რელევანტური ცვლილებების ძალაში შესვლამდე არ მოხდა რელიგიური პანსიონატების ადმინისტრაციასთან საინფორმაციო შეხვედრა ერთის მხრივ ამ ინსტიტუციების სპეციფიკის გააზრების და მეორეს მხრივ, ტრანზიციის სათანადო მომზადებისთვის. ჩვენს შეხვედრაზეც გამოჩნდა, რომ სათანადო ცოდნა ამ პანსიონატების მიზნების და სწავლების შესახებ სამინსიტროში არ არსებობდა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პანსიონატების ნაწილი პირველი სექტემბრის შემდეგ დაიხურა (რამდენადაც ჩვენთვის გახდა ცნობილი, 4 პანსიონატი). ამასთან ერთი (ან ორი) მათგანი დააჯარიმეს.
რეგულირების და ლიცენზირების საჭიროებს ჩვენც ვხედავთ, მაგრამ არა ამ სტანდარტით და მიდგომებით, როგორც ეს დღეს არის და რომელიც თეორიულადაც გამორიცხავს მუსლიმური სკოლა პანსიონატებისთვის ლიცენზირების შესაძლებლობას (როგორც ზემოთ ვთქვით პრობლემურია არა მხოლოდ 3.1 მუხლი, არამედ ოჯახური ტიპის ინსტიტუციისთვის დადგენილი სტანდარტის გავრცელება არსებითად საგანმანათლებლო მიზნების მქონე ინსტიტუტებზე, რომელიც 10 კაციანი ბენეფიციარის მქონე ტიპის დაწესებულებად გარდაქმნა ეკონომიკურ რაციონალობას გამორიცხავს).
ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ვფიქრობ რომ კარგი იქნება,
1. თბილისში თქვენი სამინისტროს და განათლების სამინისტროს და სახალხო დამცველის მონაწილეობით ერთობლივი შეხვედრის ორგანიზება, სადაც პანსიონატის წარმომადგენლები ასევე დაესწრებიან და პრობლემის გადაჭრის გზებზე ვიმსჯელებთ. თქვენი მხარდაჭერის პირობებში ჩვენ მზად ვართ შეხვედრის მომზადების და ორგანიზების ვალდებულება ავიღოთ. ჩვენი ხედვაა, რომ რელიგიური პანსიონატები უნდა დაექვემდებარონ მოწესრიგებას, მაგრამ მათი სპეციფიკის და ბუნების გათვალისწინებით და სხვა წესით.
2. ამასთან, მნიშვნელოვანია რომ სამართლიანი და ადეკვატური წესის დადგენამდე რელიგიური პანსიონატების დაჯარიმების პრაქტიკა ფაქტობრივად შეჩერდეს.
იმედია, რომ მცირე მიმოხილვა შეხვედრის შედეგების შესახებ სასარგებლო იქნება თქვენთვის პრობლემის უკეთესი დანახვისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი ეთერი ასევე გაგიზიარებდათ დეტალებს. მისი დამოკიდებულებები და პროფესიონალიზმი თვალშისაცემი იყო და მადლიერები ვართ რომ გაგვაცანით.
ველი თქვენს გამოხმაურებას.
პატივისცემით,
თამთა
Human Rights Education and Monitoring Center (EMC)