მოგესალმებით ქალბატონო თამუნა,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკანონმდენლო საკითხებს (განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველი საკითხი):
I. პარლამენტი 23732 - პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს მთავრობისადმი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ ფაკულტატური ოქმის საქართველოსთვის შესასრულებლად სავალდებულოდ აღიარების მიზნით კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაწყების შესახებ საქართველოს პარლამენტის რეკომენდაციის თაობაზე“:
საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 26 დეკემბრის N1888-რს დადგენილებით, რატიფიცირებული იქნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2006 წლის 13 დეკემბრის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია“. აღნიშნული კონვენციის ფაკულტატური ოქმი რატიფიცირებული არ არის.
ფაკულტატური ოქმი მიზნად ისახავს კონვენციის განხორციელების მხარდაჭერას, მონიტორინგს და ითვალისწინებს ორ პროცედურას:
1. უფლებების აღდგენის მიზნით, ინდივიდუალური საჩივრების განხილვა (საჩივარს წევრ სახელმწიფოში გავლილი უნდა ჰქონდეს გასაჩივრების ყველა სამართლებრივი ეტაპი) და რეკომენდაციების მიღება;
2. კონვენციის უხეში და სისტემატური დარღვევების საიმედო მტკიცებულების გამოძიება და რეკომენდაციების მიღება.
პროექტით, პარლამენტი ადგენს: საქართველოს მთავრობას მიეცეს რეკომენდაცია, დაიწყოს კანონითგ ათვალისწინებული პროცედურები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ ფაკულტატური ოქმის საქართველოსათვის შესასრულებლად სავალდებულოდ აღიარების მიზნით.
II. ეკონომიკა 23819 - "ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ" საქართველოს კანონპროექტი და მისგან გამომდინარე "კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტი (პროექტი აიტვირთა განმეორებით):
საქართველოს მიერ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებისას მიერთების ოქმით აღებული ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინსიტროს მიერ შემუშავებულია „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომლის შესაბამისადაც, პროდუქტის დემპინგური იმპორტის დროს სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღების მიზნით შესწავლის განხორციელებაზე უფლებამოსილ ორგანოდ განისაზღვრა სსიპ - კონკურენციის სააგენტო - ამდენად, აუცილებელია შესაბამისი ცვლილებები იქნეს განხორციელებული სააგენტოს მიერ აღსასრულებელ კანონებშიც.
დღესდღეობით, საგარეო ვაჭრობაში ანტიდემპინგური საკანონმდებლო ბაზის არ არსებობის პირობებში, შესაძლებელია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდეს უცხო ქვეყნებიდან პროდუქციის დემპინგური ფასებით იმპორტს, რის აღკვეთის ღონისძიებებსაც საქართველო საერთაშორისო ვალდებულების შესაბამისად ვერ მიმართავს. რიგ შემთხვევებში, დემპინგური იმპორტი აფერხებს ადგილობრივი წარმოების განვითარებას და ამცირებს დასაქმებულთა რაოდენობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება დაიცავს ადგილობრივ წარმოებას დემპინგური იმპორტით გამოწვეული ზიანისაგან ან ამგვარი ზიანის მიყენების საფრთხისაგან და ხელს შეუწყობს ადგილობრივი ინდუსტრიის განვითარებას.
III. პარლამენტი 23743 - „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ პროქტი:
კანონპროექტით, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებს, რომლებსაც გააჩნიათ ან მომავალში მიიღებენ სპეციალური საწარმოს სტატუსს, ეძლევათ საშუალება, საქონლის მიწოდება განახორციელონ შავი ზღვის გამოყენებით, ბათუმის და ფოთის საზღვაო ნავსადგურების მიმართულებით;
IV. პარლამენტი 23740 - „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი:
კანონპროექტით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა კომპეტენციას განეკუთვნება არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება და ამ გადაწყვეტილების საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმება.
V. პარლამენტი 23737 - „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი:
კანონპროექტით, დაუშვებელი იქნება ახალი ლიცენზიებისა და ნებართვების შემოღება, გარდა იმ შემთხვევებისა, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს მიერ გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმებებით და ხელშეკრულებებით.
VI. პარლამენტი 23734 - „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ პროექტი:
პროექტით, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს უხელმძღვანელებს უმრავლესობის გარეთ დარჩენილი პარლამენტის წევრთაგან მეტი მხარდაჭერის მქონე პარლამენტის წევრი.
VII. პარლამენტი 23730 - „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები:
კანონპროექტებით, უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის No2/7/779 გადაწყვეტილების - „საქართველოს მოქალაქე დავით მალანია საქართველოს პარალმენტის წინააღმდეგ“ აღსრულება და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 208-ე, 271-ე და 272-ე მუხლების საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოყვანა - ადმინისტრაციული დავის მონაწილე მხარეს მიეცემა შესაძლებლობა, გასაჩივრების მომეტებული ინტერესის ან განსახილველ დავასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოებში არსებული არაერთგვაროვანი პრაქტიკის არსებობისას, მიმართოს სააპელაციო სასამართლოს.
VIII. იუსტიცია 23727 - „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპრექტი და მისგან გამომდინარე პროექტები:
პაკეტით, ხდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და დანაშაულის პრევენციის ცენტრის გაერთიანება. ამ გაერთიანების შედეგად, იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო.
პატივისცემით,
შორენა