ქალბატონო ეკატერინე, პატივცემულო კოლეგებო, მოგესალმებით!
მოგეხსენებათ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, 2014 წელს ჩაატარა კონკურსი - ადმინისტრირებადი სახელმწიფო გასაცემლების გამცემი საბანკო დაწესებულების შერჩევის მიზნით. აღნიშნულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა ს/ს „ლიბერთი ბანკი“, რომელთანაც გაფორმდა სათანადო ხელშეკრულება და რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
გამომდინარე იქიდან, რომ ზემოხსენებული კონტრაქტის ვადა იწურება მიმდინარე წლის ბოლოს, აგრეთვე, საკითხის განსაკუთრებული სახელმწიფო მნიშვნელობის გათვალისწინებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, საქართელოს მთავრობის წინაშე, ინიცირებული იქნა საკითხი, შესაბამისი ფულადი გასაცემლების გაცემა/დარიგების უზრუნველსაყოფად გადაწყვეტილების მიღების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე.
მოგეხსენებათ ისიც, რომ ამჟამად, საქართველოს მთავრობაში მიმდინარეობს მუშაობა ზემოხსენებული კომისიისა და სათანადო საკონსკურსო პირობების შექმნა/მომზადების მიზნით. ამასთან, არსებობს იმის ალბათობა, რომ კომისიამ, მიმდინარე წლის განმავლობაში, ვერ შეძლოს საბანკო დაწესებულების შერჩევა, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს შეფერხებას სახელმწიფო გასაცემლების გაცემის საკითხში.
შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ:
ა) ს/ს „ლიბერთი ბანკი“, მიმდინარე ეტაპზე, წარმოადგენს პრაქტიკულად ერთადერთ საბანკო დაწესებულებას, რომელსაც შეუძლია სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება;
ბ) წლის ბოლომდე დარჩენილ ვადაში, სხვა საბანკო დაწესებულების მხრიდან შეუძლებელი იქნება ინფრასტრუქტურის იმგვარად მოწესრიგება/გაფართოვება, რომ შეძლოს მოემსახუროს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ბენეფიციარებს;
გ) წინამდებარე წერილის „ბ“ პუქნტში აღნიშნული მიზეზის გამო, მრავალწლიანი (3 ან 5 წელი) ხელშეკრულების გაფორმებამ შეიძლება გამოიწვიოს საბანკო სექტორში კონკურენციის შეზღუდვა;
მიზანშეწონილად მიგვაჩნია, მიღებული იქნეს საქართველოს მთავრობის განკარგულება, რომლის თანახმადაც, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალება ადმინისტრირებადი სახელმწიფო გასაცემლების გაცემის ხელშეკრულება გააგრძელოს 1 წლის ვადით (2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით), იმავე მიმწოდებელთან, ამჟამად მოქმედი საკონტრაქტო პირობების შესაბამისად.
გთხოვთ, თქვენს გადაწყვეტილებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.