From : Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : Fwd: ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი
Received On : 03.02.2020 18:32

მოგესალმებით წერილი ინფექციურიდან

Отправлено с iPhone

Начало переадресованного сообщения:

От: Tengiz Tsertsvadze
Дата: 3 февраля 2020 г. в 15:11:26 GMT+4
Кому: Tamar Gabunia , Zaza Bokhua , Giorgi Tsotskolauri , giorgi chavchavadze , "tikhardziani@gmail.com"
Тема: ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი



ქალბატონო თამარ, 

ბატონო ზაზა,

ბატონო გიორგი,

ბატონო გიორგი,

ქალბატონო თინათინ,     

 

მოგესალმებით.        

 

გრძელდება შპს „ავერსი-ფარმას“ მხრიდან ჩვენი ცენტრის შევიწროვება და ისედაც გაუსაძლის პირობებზე ახალ-ახალი პრობლემების დამატება.

 

როგორც მოგეხსენებათ, ა.წ. 16 იანვარს შპს „ავერსი-ფარმამ“ შენობაში არ შეუშვა ცენტრის ადმინისტრაცია ცენტრის დირექტორისა და მოადგილების ჩათვლით. ჩვენი პატარა საპროტესტო აქციის შემდეგ (რომელიც მათთვის მაინც ძალინ მტკივნეული იყო) თანამშრომლები სამუშაო ადგილზე შეუშვეს, მაგრამ შენობის სახურავი დატოვეს ახდილი (არ ვიცით სადამდე), რის გამოც წვიმიან დღეებში ჩამოდის წყალი. მოკლედ, ყველანაირ მეთოდებს ცდიან, რომ გაგვაწვალონ.    

 

მანამდე, როგორც იცით, შპს „ავერსი-ფარმამ“ დაგვინგრია სამრეცხაოს შენობა და ვართ სამრეცხაოს გარეშე.

 

ა.წ. 1 თებერვლიდან დაინერგა ეზოში მანქანების ფასიანი შემოშვების სისტემა, რომელმაც 2019-nCoV ინფექციასთან დაკავშირებით ერთ კვირით გადაიდო, უფასოდ შეუშვებენ მხოლოდ შპს „ავერსი-ფარმას“ თანამშრომლების მანქანებს, ხოლო ყველა დანარჩენისთვის, მათ შორის ჩვენი ცენტრის, როგორც სამსახურეობრივი, ისე პირადი მანქანებისთვის ეზოში შემოსვლა იქნება ფასიანი. დღეში ერთ მანქანაზე საშუალოდ გადასახდელი იქნება 10-12 ლარი, ან მეტი, რასაც ჩვენ ცხადია, არც გადავიხდით და ვერც გადავიხდით. იმის გათვალისწინებით, რომ ეზოს გარეთ ახლო-მახლო მანქანების პარკირება შეუძლებელია, ეს თანამშრომლებისთვის ძალიან სერიოზული დისკომფოტი იქნება, ხოლო სამსახურებრივი მანქანებით გასაკეთებელი საქმეს (მედიკამენტები, სახარჯი მასალები, ჟანგბადის ბალონები, ინვენტარი, სადეზინფექციო სითხეები, აივ/შიდსით მძიმე ავადმყოფების ბინაზე მომსახურება მობილური ბრიგადებით და სხვ.) როგორ გავაკეთებთ, არ ვიცით. ცნობისთვის, ქალაქის არცერთ სხვა სამედიცინო, თუ არასამედიცინო დაწესებულებების ეზოში თანამშრომლების და მითუმეტეს სამსახურებრივი მანქანების შესვლა ფასიანი არ არის.  ფულს რომ თავი დავანებოთ, ეს ელემენტარულად უაღრესად შეურაცმყოფელია, რადგან შეგვახსენებს, რომ ჩვენ „ჯაყოს ხიზნები“ ვართ და მეტი არაფერი.

 

როდესაც ეს საკითხი დავსვით „ავერსი-ფარმას“ ხელმძღვანელობის წინაშე, მათ გვიპასუხეს, რომ ჩვენ თანამშრომლებად ვერ განგვიხილავენ?! ვინაიდან არა გვაქვს საიჯარო ხელშეკრულება და ვიმყოფებით არალეგიტიმურად. კერძოდ, მათ განაცხადეს, რომ როდესაც ა.წ. 16 იანვარს შედგა ბ-ნი კურტანიძის და ბ-ნ ზაზა ბოხუას ხანმოკლე შეხვედრა, შეთანხმდნენ, რომ მაქსიმუმ ერთ კვირაში მოხდებოდა საბოლოო მოლაპარაკება და  შეთანხმება იჯარაზე, მითუმეტეს, რომ  შპს „ავერსი-ფარმას“ ხელმძღვანელობა, მათივე სიტყვებით, წავიდა „უპრეცედენტო“ დათმობაზე, როდესაც წერილობით თანხმობა განაცხადა იჯარის გაფორმებაზე (რაზეც მანამდე უარს ამბობდა), უფრო მეტი, სთხოვა სამინისტროს შეეტყობინებინა, თუ კიდევ რამდენი ხანი დაგვჭირდებოდა მათი კუთვნილი ტერიტორიით და შენობა-ნაგებობებით სარგებლობა. მაგრამ მას შემდეგ უკვე 18 დღე გავიდა და სამინისტროსგან არავითარი მოძრაობა არ ყოფილა. საგულისხმოა, რომ სამინისტრომ ჩვენ კი გვისაყვედურა ა.წ. 16 იანვარს საპროტესტო აქციის გამართვა, მაგრამ რომ არა ეს აქცია, ბ-ნი კურტანიძის და ბ-ნი ზაზა ბოხუას შეხვედრა საერთოდ არ შედგებოდა და არც ბ-ნი კურტანიძე არ დათანხმდებოდა საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებას.

 

კიდევ ერთი პრობლემა - მომწოდებელმა კომპანიამ ოფიციალურად გვაცნობა, რომ სამინისტროს მიერ ჩვენი ცენტრისთვის შეძენილი და დასაწყობებული ძვირადღირებული (2 მილიონი ლარის) აპარატურა - კომპიუტერული ტომოგრაფი, და სხვ. უმოქმედებისგან ფუჭდება. არადა ის ფაქტი, რომ საიჯარო ხელშეკრულების არქონის გამო ვერ ვახერხებთ ამ კომპიუტერული ტომოგრაფის და სხვა აპარატურის (ბრონქოსკოპი, გასტროსკოპი, კოლონოსკოპი, სუნთქვის აპარატები და სხვ.) დამონტაჟებას, ისევე როგორც „ემერჯენსის“ ამოქმედებას, უკიდურესად ნეგატიურად აისახება ცენტრის საქმიანობაზე და პაციენტების მომსახურების ხარისხზე.  

 

ა.წ. 29 იანვარს ცენტრში შესამოწმებლად იყვნენ რეგულირების სააგენტოს თანამშრომლები, რომლებმაც დააფიქსირეს, რომ ცენტრის ბოქსირებულ განყოფილებაში, რომელმაც საჭიროების შემთხვევაში უნდა მიიღოს 2019-nCoV ინფექციით ავადმყოფები, არ ფუნქციონირებს სავენტილაციო სისტემა, რაც სანებართვო პირობებისთვის აუცილებელია. მარეგულირებლების დრო და ნერვები რომ დავზოგოთ, ჩვენ თვითონ დავამატებთ, რომ ამის გარდა: ბოქსირებული კორპუსი მთლიანად ამორტიზებულია და იქ სამედიცინო პერსონალის და პაციენტების ყოფნა არ შეიძლება; არ არის ცხელი წყალი?! აყრილია იატაკი; დაზიანებულია კედლები, კარ-ფანჯრები, კანალიზაცია და სხვ; ცენტრს არა აქვს გამწმენდი ნაგებობა, სამრეცხაო, „ემერჯენსი“, კომპიუტერული და MR ტომოგრაფია, გასტროსკოპიის, კოლონოსკოპიის და ბრონქოსკოპიის კაბინეტები და ა.შ. და ა.შ.

 

არადა, ჩვენ ზუსტად ამ პირობებში, სანებართვო პირობების დარღვევით, დე-ფაქტო წლებია ექსკლუზიურად ვემსახურებით ამ ახალ 2019-nCoV ინფექციაზე გაცილებით უფრო მძიმე, გადამდები და განსაკუთრებით საშიში ინფექციებით ავადმყოფებს (აივ/შიდსი, ტუბერკულოზით კოინფექცია, ყირიმ-კონგოს ცხელება, ჯილეხი, წითელა და სხვ.) და ჩვენ ამის შესახებ არაერთგზის წერილობით მივმართეთ სამინისტროს, მაგრამ არავითარი რეაგირება არ ყოფილა.  ვერ ვიხსენებთ ერთ ფაქტს მაინც, როცა სამინისტრო ჩვენი ყოველდღიური პრობლემებით რეალურად დაინტერესდა, ან სულ პატარა რამე გაგვიკეთა.

 

შედეგად, დღეს ქვეყანაში შექმნილია ჩიხური მოცემულობა - ჩვენი ცენტრი ნამდვილად ვერ აკმაყოფილებს ზემოთაღნიშნული ინფექციებით ავადმყოფების მომსახურების სანებართვო პირობებს,  მაგრამ რეალობა ისეთია, რომ ქალაქის ვერცერთი სხვა სამედიცინო დაწესებულება ასევე ვერ აკმაყოფილებს ამ პირობებს და უფრო მეტიც -  მათ საერთოდ არა აქვთ გადამდები და განსაკუთრებით საშიში ინფექციებით პაციენტების მომსახურებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა  - ბოქსირებული განყოფილება ნამდვილი ბოქსებით (ორი შესასვლელ-გასასვლელით), არა აქვთ ვენტილაცია რეგულირებადი წნევით და არც ამ ინფექციების მართვის გამოცდილება აქვთ. ზოგიერთ კლინიკას აქვს 1-2 ბოქსირებული პალატა, მაგრამ არა ნამდვილი ბოქსი.

 

სწორედ ამიტომ, 2014 წელს ანალოგიური სიტუაციაში (ებოლას ვირუსით ეპიდემიის საფრთხე) ჯანდაცვის სამინისტრო და საქართველოს მთავრობა იძულებული იყო ებოლას ვირუსით ინფექციით პაციენტების ერთადერთ მიმღებად მაინც ჩვენი ცენტრი დაემტკიცებიათ, ვინაიდან უკეთესი არჩევანი უბრალოდ არ ჰქონდათ. მას შემდეგ ოთხ წელზე მეტი გავიდა და არაფერი შეცვლილა. პირიქით - მდგომარეობა უარესია.  

 

ამდენად, დღეს (უკვე შვიდი წელია) ჩვენი ქვეყანა მწვავედ დგას იმ დილემის წინაშე, რომ ყველა ქვეყანას აუცილებლად უნდა ჰქონდეს სახელმწიფო დაქვემდებარებაში მყოფი სულ ცოტა ერთი სამედიცინო დაწესებულება მაინც, რომელსაც შეუძლია მძიმე, გადამდები და განსაკუთრებით საშიში ინფექციებით (SARS, ფრინველის გრიპი, MERS, ებოლა, ყირიმ-კონგოს ცხელება, ჰანტავირუსული ინფექცია, ჯილეხი, შავი ჭირი, 2019-nCoV ინფექცია და სხვ.) პაციენტების მიღება და მომსახურება, მაგრამ ასეთი ფაქტობრივად არა აქვს. სანამდე შეიძლება იყოს სახელმწიფო „სირაქლემის პოზაში“?  

 

გვინდა განვმარტოთ ერთი, ჩვენის აზრით მნიშვნელოვანი მომენტი

სამინისტრო და სახელმწიფო ძალიან დიდ შეცდომას უშვებს, როცა თვლის, რომ ეს მარტო ჩვენი ცენტრის პრობლემაა და ჩვენ უნდა ვიყოთ მადლობელი, თუ რამეს გაგვიკეთებენ. სინამდვილეში ეს პირველ რიგში ქვეყნის პრობლემაა და ქვეყანას სჭირდება.  

 

კითხვაზე, თუ რატომ მაინცდამაინც სახელმწიფო დაქვემდებარებში მყოფი და არა კერძო - პასუხი მარტივია. კერძო კლინიკებს (ბოქსირებული განყოფილება კიდეც რომ ჰქონდეთ), როგორც წესი არ აწყობთ გადამდები და განსაკუთრებით საშიში ინფექციებით პაციენტების მიღება, ვინაიდან ეს მათთვის ძალიან არაკომფორტულია და კომერციულად წამგებიანია. ასე მაგალითად, ჩვენს ცენტრში მას შემდეგ, რაც ახალი კორონავირუსით ინფექციაზე საეჭვო პაციენტების მოყვანა დაიწყო, სხვა ავადმყოფები (აივ/შიდსის გარდა) პრაქტიკულად აღარ მოდიან (ეშინიათ). ასეთი რამ კი კერძო კლინიკებს ცალსახად არ აწყობთ.

 

ამ საკითხის მოგვარება კი ძალიან ადვილი იყო. სხვა რომ არაფერი, დანაშაულებრივად დაიკარგა ჩვენი ცენტრის ახალი შენობის მშენებლობისთვის ჩვენი ძალისხმევით „გლობალური ფონდის“ მიერ გამოყოფილი 4.5 მილიონი ევროს ინვესტიცია და კორეის და ჩინეთის მთავრობების მიერ შემოთავაზებული 5-5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების აპარატურა და აღჭურვილობა, აგრეთვე სამინისტროს ბიუჯეტში ამისთვის გამოყოფილი 18 მილიონი ლარი. გასაგებია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს წინა ხელმძღვანელი სრულიად გამიზნულად აკეთებდა ამას და ის სისხლის სამართლის დამნაშავეა, მაგრამ დანარჩენი მთავრობა რატომ არაფერს აკეთებს? ახალ შენობას რომ თავი დავანებოთ, ბოქსირებული განყოფილების რეაბილიტაციას (ვენტილაციის ჩათვლით) და „ემერჯენსის“ და რადიოლოგიური და სხვა აპარატურის ამოქმედებას ხომ არაფერი უდგას წინ? საჭიროა მხოლოდ ბ-ნი კურტანიძის თანხმობა და სულ რაღაც 500 ათასი ლარის დახარჯვა, რადგან დანარჩენი ძვირადღირებული აპარატურა უკვე შეძენილია. ნუთუ 500 ათასი ლარი არ ღირს იმ გამოწვევების გამკლავება, რომლის წინაშეც სახელმწიფო დგას (აივ/შიდსი, 2019-nCoV ინფექცია, სხვა განსაკუთრებით საშიში ინფექციები და სხვ.) და ასეთი გამოწვევები სულ იქნება.  

 

მართალია, სამინისტროს და სახელმწიფოს მხრიდან „სამედიცინო ინოვაციების ცენტრის“ შენობის გადმოცემის მცდელობა მისასალმებელია და თუ ეს მართლა გამოვიდა, ქვეყნისთვის საშვილიშვილო საქმე გაკეთდება, მაგრამ ჯერ ერთი, ჩვენი მწარე გამოცდილებით არაერთგზის დავრჩით მოტყუებული და ამიტომ არ ვიცით, ეს საქმე მართლა გამოვა, თუ არა და მეორეც - ეს შენობა მართლაც რომ მოგვცენ, იქ გადასვლას 1-1.5 წელი მაინც დასჭირდება და მანამდე როგორღაც ხომ უნდა ვიარსებოთ. 

 

თქვენ რომ იცოდეთ, რა ფასად გვიჯდება ის, რომ გაუსაძლისი პირობებით გაღიზიანებულმა ავადმყოფებმა სკანდალები არ მოაწყონ, ან ჩასაფრებულმა ჟურნალისტებმა და პოლიტიკურად ანგაჟირებულმა პირებმა ფართომასშტაბიანი შავი პიარი არ ააგორონ. გაითვალისწინეთ, რომ ეს ის ხალხია, რომლებმაც C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამაც კი ლამის ქართველი ერის დაქცევად გამოაცხადეს. სამინისტროსგან მუდმივად გვესმის, რომ ჩვენი პრობლემები იციან, აწუხებთ და ამაზე მუშაობენ?! მაგრამ როდემდე? ჩვენის აზრით ბ-ნ კურტანიძესთან შეთანხმება ადრეც შეიძლებოდა და ახლაც შეიძლება. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მან თვითონ განაცხადა თანხმობა საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებაზე, მაგრამ მაშინაც კი, თუ ჩვენ ყველაფერი არ ვიცით და ბ-ნ კურტანიძესთან შეთანხმება შეუძლებელია, ან მას ძალიან დიდი ფასი ადევს, მაშინ სამინისტრომ ამის შესახებ დროზე უნდა განაცხადოს და ჩვენი ცენტრის საქმიანობა საერთოდ შეაჩეროს ან სხვა ალტერნატიული გადაწყვეტილება მიიღოს.  

 

სამინისტროს ხელმძღვანელი პირების მიმართ გულწრფელად უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, ყოველივე ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ ნამდვილად ვერ ვხვდებით, თუ რა პოლიტიკას ატარებს სამინისტრო. კერძოდ, რატომ აჭიანურებს შპს „ავერსი-ფარმასთან“ შეთანხმების პროცესს და არ იღებს ზომებს, რათა უზრუნველყოფილი იქნას ზემოთაღნიშნული ინფექციებით ავადმყოფების მომსახურებისთვის მინიმალურად აუცილებელი პირობები მაინც. ეს ხომ ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემაა და ამ პრობლემის მოუგვარებლობა ქვეყნისთვის ძალიან მძიმე, კატასტროფული შედეგებით შეიძლება დამთავრდეს.

 

ბოდიშს გიხდით გრძელი წერილისთვის.   

 

პატივისცემით,  

 

თენგიზ ცერცვაძე