From : Tengiz Tsertsvadze <tt@aidscenter.ge>
To : etikaradze@moh.gov.ge
Subject : COVID-19
Cc : tikhardziani@gmail.com
Received On : 05.04.2020 20:30

ქალბატონო ეკატერინე,      

 

მოგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილია ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19 ) შემთხვევათა მართვის კლინიკური ჯგუფი, რომელიც კოორდინაციას უწევს COVID-19 ის კლინიკურ მენეჯმენტს ქვეყნის მასშტაბით და მისი ერთ-ერთი ძირითადი დანიშნულებაა COVID-19 პაციენტების მკურნალობის უზრუნველყოფა ერთიანი უნიფიცირებული სამკურნალო სქემებით.     

 

სამწუხაროდ, ჩვენ ნაკლებად ვართ ჩართული COVID-19-ით პაციენტების დიაგნოსტიკასა და მკურნალობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვასა და გადაწყვეტილებების მიღებაში, გამონაკლისი იყო მხოლოდ ჩვენი მონაწილეობა COVID-19-ით პაციენტების ტესტირების ალგორითმის განხილვაში.

 

ზემოაღნიშნულის გამო გასარკვევია სერიოზული საკითხები და დაგროვდა კითხვები COVID-19-ის კლინიკებთან, ე.წ. „ცხელების ცენტრებთან“, პირველადი ჯანდაცვის რგოლის ჩართულობასთან, სიმპტომიანი და უსიმპტომო, მაგრამ რისკის ჯგუფის  პირების, მათ შორის ბავშვების, მიმართვიანობის მართვასთან, მსუბუქად მიმდინარე შემთხვევების ბინაზე მართვასთან, მედიკამენტების და ეკიპირების მარაგებთან და სხვ. დაკავშირებით, რომელთა შესახებაც ჩვენ ნაკლებად ინფორმირებული ვართ.  

 

მაგალითად, კეთდება განხცადებები, რომ ქვეყნის მასშტაბით 20 კლინიკა მზად არის COVID-19-ით ავადმყოფების სამკურნალოდ და მათ რიცხვი კიდევ უფრო გაფართოვდება. ჩვენ სადღეისოდ ასეთი მხოლოდ 9 კლინიკა ვიცით. ასევე მიგვაჩნია, რომ სანამ ქვეყანაში COVID-19-ის ავადმყოფების რიცხვი შედარებით მცირეა, სჯობს ისინი კონცენტრირებული იყვნენ კონკრეტულ კლინიკებში და არ იყვნენ დაფანტული ბევრ კლინიკაში, რადგან ამ შემთხვევაში გაცილებით უფრო გართულდება დაავადების ხარისხიანი მართვა (რომელიც ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ბევრს ჰგონია), მოიმატებს სიკვდილობა და გაიზრდება ინფექციის შიდაჰოსპიტალური გავრცელების რისკი და ბევრი სხვ.    

 

გთხოვთ, შესაძლოდ მოკლე დროში გამონახოთ შესაძლებლობა შეგვხვდეთ პირადად და/ან შესაბამის საკითხებში კომპეტენტურ პირებთან ერთად აღნიშნულ საკითხებზე სამსჯელოდ.   

 

პატივისცემით,

 

თენგიზ ცერცვაძე