• დღეს მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა და მთავრობის კაბინეტის წევრებმა წარადგინეს პარლამენტში გადმოსაგზავნი 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი. 2020 წლის ბიუჯეტი არის - „სოციალური პასუხისმგებლობისა და ეკონომიკური განვითარების ბიუჯეტი“.
• როგორც პრემიერმა განაცხადა, ეს პრაქტიკულად პირველი შემთხვევაა, როდესაც ბიუჯეტზე ვიმუშავეთ მთელმა პოლიტიკურმა გუნდმა - პარტიის თავმჯდომარემ, თითოეულმა დეპუტატმა, მთავრობის თითოეულმა წევრმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
• 2020 წლის ბიუჯეტი განსაკუთრებით დატვირთულია სოციალური პასუხისმგებლობით, რაც ეხებათ ბავშვებს, პენსიონერებს, მასწავლებლებს, სამართალდამცველებს, ჯარისკაცებსა და ექიმებს. ასევე, ბიუჯეტი ცალსახად ორიენტირებულია ეკონომიკურ განვითარებაზე.
• რა თქმა უნდა, ყველას კარგად გვესმის, რომ შეუძლებელია ქვეყნის ბიუჯეტი სრულად გაწვდეს დღეს არსებულ ყველა საჭიროებას, თუმცა, ჩვენმა მთავრობამ შეძლო და ეფექტიანად გაანაწილა რესურსები, ისე რომ დაცული იყოს ბალანსი უმთავრეს პრიორიტეტებს შორის.
• ეს ბიუჯეტი კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს ჩვენი ხელისუფლების სწორ პოლიტიკურ კურსს და უმთავრეს პრიორიტეტებს, ესენია - მოქალაქეებზე ზრუნვა, მშვიდობა, უსაფრთხოება, სტაბილურობა, განვითარება და ეფექტიანობა.
ინფორმაციისთვის:
• წარმოდგენილ პროექტში ხარჯების გადანაწილებისა და გარკვეული მიმართულებებით ეკონომიის ხარჯზე 2020 წელს ყველა პენსიონერისთვის გათვალისწინებულია პენსიის მატება 20 ლარით. ასევე, 18 წლამდე ასაკის, I და II ჯგუფის შშმ პირებისთვის. გარდა ამისა, 2020 წლის 1 ივლისიდან, 70 წელს გადაცილებული პენსიონერების, ასევე I ჯგუფის შშმ პირებისთვის პენსია გაიზრდება დამატებით 30 ლარით ანუ ამ ადამიანებს ჯამში პენსია გაეზრდებათ 50 ლარით.
• ასევე, სრულ განაკვეთზე მყოფი მასწავლებლების ანაზღაურება იზრდება როგორც მიმდინარე, ასევე მომდევნო წელს. 2020 წლის სასწავლო წლის დასაწყისში დღევანდელთან შედარებით მასწავლებლები 300 ლარით მეტ ხელფასს აიღებენ ასევე, ანაზღაურების ზრდა გაგრძელდება პროფესიული სასწავლებლების მასწავლებლებისთვისაც.
• გარდა ამისა, 2020 წლის 1 სექტემბრიდან საბავშვო ბაღების მასწავლებლების ხელფასები გაიზრდება საშუალოდ 100 ლარით.
• დამატებით, 2020 წელს გრძელდება ხელფასების მატება პოლიციელების, ჯარისკაცების და მათთან გათანაბრებული პირებისთვის და 2020 წლის 1 ივლისიდან მათი ხელფასები გაიზრდება არანაკლებ 125 ლარით, ასევე 100 ლარით გაიზრდება სასწრაფოს და სოფლის ექიმების ხელფასები.