From : Ana Abesadze <aabesadze@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უკანონო ქმედება შპს "აკაკის" მიმართ
Received On : 23.07.2019 17:34
Attachments :

ქალბატონო ეკატერინე,

მოგახსენებთ, რომ 2019 წლის 16 ივლისს სამინისტროს ოფიციალურ ფოსტაზე მივიღე ხელმძღვანელთან შეთანხმებული დავალება, რომლის მოთხოვნაც პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ წესს, კერძოდ:

დამევალა, დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციულ სახდელდადებული (დაჯარიმებული) მეწარმე სუბიექტის მიმართ, რომელმაც დაკისრებული ჯარიმა არ გადაიხადა 30 დღის ვადაში, მომემზადებინა შესაბამისი დოკუმენტაცია და წარმედგინა იგი აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის, იძულებით აღსასრულებლად. ერთ-ერთ ასეთ დოკუმენტს წარმოადგენს საურავის დაკისრების შესახებ დადგენილება, რომელიც ეკისრება სამართალდამრღვევს ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში. მეწარმე სუბიექტი, კერძოდ შპს „აკაკი“ დაჯარიმდა 2019 წლის 17 იანვარს, რომელსაც ჯარიმის გადაუხდელობის გამო საურავი უნდა დაკისრებოდა არაუგვიანეს 17 ივლისისა, ხოლო ვინაიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 287-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით დადგენილი 6 თვიანი აღსრულების ვადა იწურებოდა 17 ივლისს, 16 ივლისს დამევალა საურავის დაკისრების შესახებ დადგენილების შექმნა აპრილის ან მაისის თარიღით (დანართი 1), რომელიც სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის უნდა დამერთო დანართის სახით. აღნიშნული ქმედება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, შემდეგ მიზეზთა გამო:

            „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად - „დაკისრებული ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს ზედამხედველი ორგანო დააკისრებს საურავს აღნიშნული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, ხოლო საურავის დაკისრებიდან 30 დღის ვადაში ჯარიმის ან/და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში განხორციელდება იძულებითი აღსრულება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“, მითითებული ნორმის თანახმად, სამართალდამრღვევის მიმართ ვერ განხორციელდება იძულებითი აღსრულება, თუ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ არის დაკისრებული „საურავი“ და არ არის გასული მისი გადახდის 30 დღიანი ვადა.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2884-ე მუხლის თანახმად „დამრღვევმა საურავი უნდა გადაიხადოს საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების ასლის მისთვის ჩაბარებიდან...“, ხოლო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ივლისის N01-1/ნ ბრძანებით  „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის, სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების შესახებ“  მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად „საურავის დაკისრების შესახებ დადგენილება სამართალდამრღვევისათვის ჩაბარებულად ითვლება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.moh.gov.ge) გამოქვეყნების დღიდან“.

შესაბამისად ამ დავალების შესრულების შემთხვევაში, სამართალდამრღვევის მიმართ მოხდებოდა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილი 30 დღიანი ვადის არამართლზომიერად გაუქმება და მისთვის ნებაყოფლობით ჯარიმის ან/და საურავის გადახდის საშუალების შეზღუდვა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უარი განვაცხადე დავალების შესრულებაზე საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 73-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, აღნიშნული ფაქტის შესახებ წერილობით ვაცნობე დავალების მომწოდებელს და „უშუალო ხელმძღვანელს“, რომლებმაც ზეპირსიტყვიერად გაიზიარეს ჩემი ეს პოზიცია. თუმცაღა, მიმდინარე კვირაში ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული დავალება შესრულდა და სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში 2019 წლის 17 ივლისს,  დეპარტამენტის უფროსის ხელმოწერით გაიგზავნა N01/13036 წერილი, შპს „აკაკი“-ის მიმართ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების პროცესის დაწყების მოთხოვნით.

საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 73-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად „ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოხელე ვალდებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ წერილობით შეატყობინოს უშუალო ხელმძღვანელს და შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს. განკარგულების წერილობით განმეორებისას მოხელემ იგი უნდა შეასრულოს, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „დ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა“, მითითებული ნორმის საფუძველზე ჩემზე დაკისრებული ვალდებულებიდან გამომდინარე, გაცნობებთ ზემოაღნიშნული ფაქტის შესახებ და გთხოვთ მოახდინოთ შესაბამისი რეაგირება და დაავალოთ შესაბამის სამსახურს მისი შესწავლა.

ამასთანავე, მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ შპს „აკაკი“-ის მიმართ სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენილი დოკუმენტაციის გამოთხოვა მოხდეს დროულად სამინისტროს მიერ, რათა კომპანიას უკანონო ქმედების საფუძველზე არ მიადგეს ზიანი, ხოლო აღნიშნული ქმედებით ზიანი არ მიადგეს სამინისტროსა და დეპარტამენტის იმიჯს.

აგრეთვე, საკითხის სენსიტიურობისა და სამინისტროს პოზიტიური იმიჯის გათვალისწინებით, აღნიშნულ ინფორმაციას გაწვდით ელექტრონული ფოსტის საშუალებით, ხოლო თქვენი სურვილის შემთხვევაში, მას მოგაწვდით დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის (დეს) საშუალებით.

 

პატივისცემით,

 

ანა აბესაძე

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის

შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი