მთავრობის ინიციატივა მიწის რეგისტრაციის გამარტივებასთან დაკავშირებით:
• დღეს, მთავრობამ დაამტკიცა მიწის სპორადული და სისტემური რეგისტრაციის შესახებ საკანონმდებლო ცვლილების პაკეტი.
• როგორც პრემიერმა განაცხადა, რეგიონებში, განსაკუთრებით კი სოფლებში, მთავრობის წევრებისა და დეპუტატების ვიზიტების დროს, მიწის რეგისტრაცია ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა იყო.
• იცით, რომ თავად პრემიერი, აღმასრულებელი ხელისუფლების და საკანონმდებლო ორგანოს წევრები ინტენსიურად დადიან რეგიონებში, ხვდებიან სოფლად მცხოვრებ ჩვენს მოსახლეობას და უშუალოდ მათ მიერ დასახელებული პრობლემების მოგვარება უმთავრესი პრიორიტეტია ჩვენთვის. ეს არის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი იმისა თუ რა ცვლილება მოხდა თუნდაც ბოლო წლის განმავლობაში, რომ უშუალოდ ხალხთან კომუნიკაციაზე და მათ პრობლემებზე ორიენტირებული გახდა ჩვენი მიდგომა.
• აღსანიშნავია, რომ დღემდე მოქმედებდა დროებითი რეფორმა - რომლითაც 2020 წლის 1 იანვრამდე შესაძლებელი იყო მიწის რეგისტრაცია გამარტივებული წესებით. შედეგად საქართველოში სამი წლის მანძილზე სამჯერ მეტი მიწა დარეგისტრირდა, ვიდრე დამოუკიდებლობის აღდგენიდან 2016 წლამდე. დღეს წარმოდგენილი მასშტაბური რეფორმა კი, საშუალებას იძლევა სულ მალე საბოლოოდ გადაიჭრას ეს პრობლემა საქართველოში.
• მთავრობის ახალი მასშტაბური ინიციატივა, მიწის რეგისტრაციის გამარტივების შესახებ სრულად მოუგვარებს ამ პრობლემას ჩვენს მოქალაქეებს, განსაკუთრებით იმ ადმიანებს, ვინც სოფლად მიწას ფლობენ. ასევე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა ეკონომიკის სტიმულირებისთვის, რადგან მიწა ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსია.
• გამარტივებული წესის შედეგად, უახლოესი სამი წლის განმავლობაში ჩვენი მთავრობა ამ საკითხის მოგვარებას მთელი საქართველოს მასშტაბით საბოლოოდ დაასრულებს.
ინფორმაციისთვის:
• მიწის რეგისტრაციის პროცესის გამარტივება, ერთი მხრივ, დაიცავს მესაკუთრეთა უფლებებს, მეორე მხრივ კი, დაეხმარება მთავრობას, შეიმუშაოს სოციალური პროექტები, წარმართოს მიწათსარგებლობის ეფექტიანი პოლიტიკა, რომელიც ხელს შეუწყობს უწყვეტ ეკონომიკურ ზრდას სოფლის მეურნეობის სექტორში.
• მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში დადგენილი რეგისტრაციის გამარტივებული წესი, რომელიც 2020 წლის 1 იანვრამდე მოქმედებდა, ახალი ინიციატივის თანახმა გახდება მიწის რეგისტრაციის ზოგადი წესი და იმოქმედებს უვადოდ.
• აღსანიშნავია, რომ ამ პროცედურას საჯარო რეესტრი განახორციელებს კვლავ ერთი ფანჯრის პრინციპით და 2022 წლის პირველ იანვრამდე იქნება უფასო.
• ასევე, არც სპორადული და არც სისტემური რეგისტრაციის შემთხვევაში, 2021 წლის პირველ იანვრამდე მიწის დაკანონება არ მოახდენს გავლენას იმ ოჯახების სარეიტინგო ქულებზე, რომლებიც იღებენ სოციალურ დახმარებას.