| From : | Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | მედიამონიტორინგი-01.11.2019 |
| Received On : | 01.11.2019 08:43 |
| Attachments : |
მედიამონიტორინგი 01.11.2019
ტელევიზია
01.11.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
ევროკავშირი საქართველოს პროფესიული განათლების კუთხით წლებია დახმარებას უწევს და ეს მხარდაჭერა მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება. რამდენიმე დღის წინ პროგრამის ახალი ეტაპი ამოქმედდა, რომელიც 5 წლის განმავლობაში 150 მილიონ ლარზე მეტის დახარჯვას გულისხმობს. სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტი 2013 წელს, ასოცირების ხელშეკრულების საფუძველზე შეიქმნა. სააგენტო მსურველებს დასაქმებაში ეხმარება. დასაქმების პლათფორმაზე დარეგისტრირება მხოლოდ პირადობის მოწმობით არის შესაძლებელი. სააგენტო შსმ პირებსაც ეხმარება. თემაზე სასაუბროდ გადაცემის სტუმარია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6436111
---
01.11.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
რა არის შესაცვლელი საარსებო მინიმუმის მეთოდოლოგიაში? შეაძლებელია თუ არა ხუთსულიანმა ოჯახმა ერთი თვის განმავლობაში 378 ლარად და 50 თეთრად იცხოვროს? - ოფიციალური მეთოდოლოგიის მიხედვით, ეს შესაძლებელია და მას "საარსებო მინიმუმის" სტატისტიკაში საქსტატი ყოველთვიურად აახლებს. "ჩვენ სრულიად დაფუძნებული ვართ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ მინიმალურ სასურსათო კალათაზე, რაც შეეხება მეთოდოლოგიას, შემდეგ როგორ ხდება არასასურსათო მდგენელის დამატება, თანაცხოვრების კოეფიციენტების გათვალისწინება, ეს მეთოდოლოგიის ნაწილია, რომელიც დამტკიცებულია მთავრობის დადგენილების მიხედვით და მისი შეცვლა არ არის მხოლოდ საქსტატის უფლებამოსილება. ფინანსთა სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო საქსტატთან ერთად უნდა იყოს ინიციატორი მეთოდოლოგიის ცვლილების.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6436113
---
01.11.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 09:00
საქართველოს პროფესიული კავშრების გაერთიანება საქართველოში მინიმალური ხელფასის 320 ლარით გასაზღვრას მოითხოვს. ამასთან დაკავშრებით ორგანიზაციამ კანონპროექტი მოამზადა. დოკუმენტის მიხედვით მინიმალური ხელფასი სრულ განაკვეთზე დასაქმებულებისატის თვეში 320 ლარი უნდა გახდეს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6436233
---
31.10.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
ჯანდაცვის სამინისტრო მასშტაბური რეფორმის გარშემო კლინიკებთან კონსულტაციებს იწყებს. ცვლილებების შედეგად, ყველა სამედიცინო დაწესებულებისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სამედიცინო სერვისების ფასები ერთნაირი იქნება. ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეს კერძო კლინიკის მიერ ფასნამატის გადახდა აღარ მოუწევს და გადაიხდის მხოლოდ იმ თანხას, რაც კონკრეტულ სერვისზე სახელმწიფოს აქვს დაწესებული და რასაც საყოველთაო ჯანდაცვა აფინანსებს. ახლა კონკრეტული მიმართულებებით ფასები უნდა განისაზღვროს. უკვე ხვალ, ცნობილი გახდება ის ტარიფები, რომლებიც კარდიოქირურგიას და რეანიმაციას ეხება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6435748
---
31.10.2019
არხი: პალიტრა ტვ
გადაცემა: პალიტრა ნიუს 12:00
შესაძლოა, კვირაში 6 დღეზე მეტხანს მუშაობა აიკრძალოს. ამის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში უკვე წარდგენილია. როგორც პროექტშია აღნიშნული, აუცილებელია დასაქმებულს კვირაში ერთი 24 საათიანი სრულყოფილი დასვენების დღე მაინც ქონდეს, რომელსაც სურვილისამებრ განკარგავს. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მოქმედი შრომის კოდექსი კვირის განმავლობაში დასვენების დღეების ოდენობას არ ადგენს. შესაბამისად, ხშირად გხვდება, რომ დასაქმებულები კვირაში 7 დღეს მუშაობენ. პროექტის ავტორთა შეფასებით, კი მიზანშეწონილია შრომის კოდექსში გაჩნდეს ისეთი ჩანაწერი, რომელიც დასაქმებულთათვის კვირაში მაქსიმალურ რაოდენობას 6 დღეს დაადგენს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6434533
---
ინტერნეტი
01.11.2019
ამირან გამყრელიძე - 2016 წლიდან 2018 წლის ჩათვლით, ცოფის შემთხვევა არ გვქონდა, წელს ერთი შემთხვევა დაფიქსირდა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ზოონოზურ დაავადებებთან მიმართებაში გარკვეული პროგრესი მიღწეულია. კონკრეტულად, ზოონოზური დაავადებიდან ერთ-ერთის - ცოფის შემთხვევები მინიმუმამდეა დაყვანილი. ამის შესახებ გამყრელიძემ ერთიანი ჯანმრთელობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც საქართველოში უკვე მეორედ ტარდება. მისი თქმით, 2016 წლიდან 2018 წლის ჩათვლით, ცოფის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა, წელს კი ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, შემცირებული ჯილეხის შემთხვებებიც, რა დაავადებაც, ასევე გადადის ცხოველიდან ადამიანზე. მისივე თქმით, ერთიანი ჯანმრთელობის მსოფლიო დღის აღნიშვნის მთავარი მიზანია, რომ მეტი ინფორმაცია მიეწოდოს მოსახლეობას ერთიანი ჯანმრთელობის შესახებ, რომ „ცხოველიდან გადატანილი დაავადებები დღესაც მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის". „უკვე მეოთხეთ აღინიშნება ერთიანი ჯანმრთელობის მსოფლიო დღე მსოფლიოში. ჩვენ კი მეორედ აღვნიშნავთ წელს ამ დღეს. ეს დღე ერთიანი ჯანმრთელობის გლობალური კომისიის მიერ არის დაწესებული. ერთიანი ჯანმრთელობა არის ერთიანი მიდგომა იმ ჯანმრთელობის საფრთხეებისადმი, რაც მოდის ცხოველებიდან, ანუ ზოონოზური დაავადებებიდან და გადადის ცხოველიდან ადამიანზე. მაგალითად: ცოფი, ჯილეხი, ყირიმ-კონგოს ცხელება და ა.შ. ბევრია ასეთი. ერთიან ჯანმრთელობაში ასევე გაერთიანებულია ის საფრთხეები, რომლებიც მოდის გარემოს ზემოქმედებით ადამიანის ჯანმრთელობაზე. ამ დღის აღნიშვნის მთავარი მიზანია, რომ მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობას ერთიანი ჯანმრთელობის შესახებ, რომ ცხოველიდან გადატანილი დაავადებები მნიშვნელოვანია დღესაც ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ცოფი მინიმუმამდე დავიყვანეთ. 2016 წლიდან 2018 წლის ჩათვლით, სამი წლის განმავლობაში ქვეყანაში აღარ გვქონდა ცოფის შემთხვევა, წელს ერთი შემთხვევა გვაქვს სამწუხაროდ. ასევე, ჯილეხი შევამცირეთ. ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, გვაქვს ინფორმაციის ძალიან კარგი ურთიერთგაცვლის სისტემა და სწრაფი რეაგირების. ამიტომ ერთიანი მიდგომა ჯანდაცვის სამინისტროსი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსი, ძალიან მნიშვნელოვანი სწორედ ამ პრინციპების ქვეყანაში დასანერგად", - განაცხადა გამყრელიძემ.
---
01.11.2019
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/qarelshi-devnilebis-korpusshi-afetqeba-mokhda-dashavda-erti-adamiani/
ქარელში, დევნილების კორპუსში აფეთქება მოხდა, დაშავდა ერთი ადამიანი
ქარელში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, დევნილებით დასახლებულ ერთ-ერთ კორპუსში აფეთქება მოხდა. დაშავდა ერთი ადამიანი. როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, აფეთქების მიზეზი სავარაუდოდ ბუნებრივი აირის დაგროვება გახდა. უწყებაში აცხადებენ, რომ ერთი ადამიანი მსუბუქად არის დაშავებული და ის კლინიკაში გამოკვლევების მიზნით გადაიყვანეს. შენობაში, რომელშიც აფეთქება მოხდა, შუშები ჩაიმსხვრა. დევნილები კორპუსიდან უსაფრთხო ადგილზე არიან გადაყვანილი.
---
01.11.2019
დაავადებათა კონტროლის ცენტრში, ღონისძიება - „ძალისხმევათა მხარდაჭერა ადამიანის, ცხოველებისა და გარემოს ჯანმრთელობის სფეროებში“ გაიმართება
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, დღეს, გაიმართება ერთიანი ჯანმრთელობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სლოგანით - „ძალისხმევათა მხარდაჭერა ადამიანის, ცხოველებისა და გარემოს ჯანმრთელობის სფეროებში“. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტის ინფორმაციით, შეხვედრას დაესწრებიან ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ანტიმიკრობული რეზისტენტობის საერთაშორისო ცენტრის (კოპენჰაგენი, დანია) წარმომადგენლები. მათივე ცნობით, შეხვედრაზე განხილულ იქნება ზოონოზური ინფექციებისა და ანტიმიკრობული რეზისტენტობის საკითხებისადმი ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომა, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში. ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები იმსჯელებენ ერთიანი ჯანმრთელობის აქტუალურ საკითხებზე და დაიგეგმება საქართველოში აღნიშნული მიდგომით გასატარებელი ღონისძიებები. „ერთიანი ჯანმრთელობის კონცეფცია გაერთიანებულ ჭრილში აღიქვამს ადამიანს, ცხოველებსა და მათთან დაკავშირებულ ეკოსისტემას, შესაბამისად, აღნიშნული მიდგომა აუცილებელია ზოონოზური დაავადებების ჭეშმარიტი ტვირთის განსაზღვრისა და შემცირებისათვის. საქართველოსთვის აღნიშნული კონცეფცია ახალი არ არის. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს წლების განმავლობაში აკავშირებს მჭიდრო თანამშრომლობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და მის დაქვემდებარებულ უწყებებთან - სურსათის ეროვნული სააგენტოსა (NFA) და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიასთან (LMA). მიმდინარე წელს, აქცენტი გაკეთდება ანტიმიკრობულ რეზისტენტობაზე (ამრ). მოგეხსენებათ, რომ ამრ-ი ევროკავშირის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრიორიტეტია. ამრ-თან ბრძოლის ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომა გლობალური სტრატეგიაა, რომელიც ეფუძნება მულტიდისციპლინურ თანამშრომლობასა და კომუნიკაციას მედიცინის, ვეტერინარიისა და გარემოს დაცვის სექტორებს შორის. ამრ-ის საწინააღმდეგო გლობალური სამოქმედო გეგმა შემუშავებულ იქნა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან და ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით. აღნიშნული სამოქმედო გეგმა ერთხმად მიღებულ იქნა 2015 წლის მაისში ჯანმო-ს მსოფლიო ანსამბლეაზე. საქართველოს ამრ-ის საწინააღმდეგო ეროვნული სტრატეგიაც, რომელიც დამტკიცებულია 2017 წლის 11 იანვრის მთავრობის განკარგულებით, ეფუძნება ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომას და სხვა საკითხებთან ერთად, სოფლის მეურნეობასა და ვეტერინარიაში ანტიბიოტიკების გამოყენების შესწავლას და მათ შეზღუდვაზე ამახვილებს ყურადღებას. 2018 წელს, ცენტრი შეუერთდა აღნიშნულ გლობალურ ინიციატივას და უკვე მეორედ ატარებს ერთიანი ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეს“, - აღნიშნულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
---
31.10.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/rogor-gaizarda-jandacvis-fasebi-sayoveltao-jandacvis-amoqmedebidan-dgemde-/42787/
როგორ გაიზარდა ჯანდაცვის ფასები საყოველთაო ჯანდაცვის ამოქმედებიდან დღემდე
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც უკლებლივ ყველა მოქალაქეზე გავრცელდა, 2013 წლის 28 თებერვალში ამოქმედდა. მეორე ეტაპი 2013 წლის 1 ივლისიდან დაიწყო, როცა გაფართოვდა სამედიცინო მომსახურება და საყოველთაო დაზღვევის ახალი პაკეტები. 2017 წლის 1 მაისიდან კი, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდა, ის აღარ არის საყოველთაო, ანუ მაღალ შემოსავლიან ჯგუფებს დაფინანსება მოეხსნათ, საშუალო შემოსავლიან ჯგუფს - შეზღუდული დაფინანსება, ხოლო დაბალ შემოსავლიან ჯგუფს სრული დაფინანსება შეუნარჩუნდათ. სახელმწიფო დაფინანსების მოცემულმა სისტემამ კლინიკებს მანიპულირების საშულება მისცა, გამოიკვეთა არაერთი შემთხვევა, როცა კლინიკები არასრული მკურნალობით იღებდნენ ფინანსებს, ასევე ზედმეტი მედიკამენტების გამოწერითა და მედიკამენტებზე მოთხოვნის ხელოვნური ზრდით კლინიკებმა მიიღეს ე.წ. ,,ქეშბექები’’. ერთი დიდი პრობლემაა გაზრდილი ჯანდაცვის ბიუჯეტი, სადც გვაქვს არაეფექტიანი ხარჯვა, თუმცა ჩვენ შევეხოთ მეორე პრობლემას: სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების ფასების ზრდას. 2019 წელს (სექტემბერი) 2013 წელთან შედარებით ჯანდაცვის ჯგუფში ფასები გაზრდილია 39,3%-ით. საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში, როცა სახელმწიფო ახდენს კლინიკების სუბსიდირებას, ეს მოტივაციას აჩენს ტარიფებისა და მომსახურების ფასების გაზრდაზე. როცა კერძო თუ სახელმწიფო კლინიკები თუ ფარმაცევტული კომპანიები ხედავენ, რომ პაციენტების თანადაფინანსებაში შემოდის სახელმწიფო, მოტივაცია ექმნებათ, რომ მეტი მოგებისა და დამატებითი შემოსავლების მისაღებად ხელოვნურად გაზარდონ ფასები. თუ სტრუქტურულ დონეზე ჩავალთ, მაღალი ინფლაციით ხასიათდება სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების ძირითად ჯგუფები: სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები, ტკვილგამაყუჩებელი მედიკამენტები, ანტიბიოტიკები, საჭმლის მომნელებელი სისტემის და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები. 2019 (სექტემბერი) წელს 2013 წელთან შედარებით, სამედიცინო მომსახურება გაძვირდა 16.4%-ით, სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტების ფასები გაიზარდა 72.6%-ით, ტკვილგამაყუჩებელი მედიკამენტები 108.9%-ით, ანტიბიოტიკები 87.2%-ით, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატები 72.1%-ით, ხოლო ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები 84.2%-ით გაძვირდა.
---
31.10.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/ra-aris-shesacvleli-saarsebo-minimumis-metodologiashi---quotsaqstatisquot-pasuxi/42809/
რა არის შესაცვლელი “საარსებო მინიმუმის” მეთოდოლოგიაში? - "საქსტატის" პასუხი
შეაძლებელია თუ არა ხუთსულიანმა ოჯახმა ერთი თვის განმავლობაში 378 ლარად და 50 თეთრად იცხოვროს? - ოფიციალური მეთოდოლოგიის მიხედვით, ეს შესაძლებელია და მას "საარსებო მინიმუმის" სტატისტიკაში საქსტატი ყოველთვიურად აახლებს. საქსტატი ამ მაჩვენებელს მთავრობის მიერ ჯერ კიდევ 2003 წელს დამტკიცებული მეთოდოლოგიით ითვლის. ეს მეთოდოლოგია კი დღეს ფაქტობრივად არ ასახავს იმ მაჩვენებელს, რასაც "საარსებო მინიმუმი" უნდა ერქვას. BMG-სთან საუბარში "საქსტატის" აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა, რომ ახალი მეთოდოლოგიის დამტკიცება მთავრობის პრეროგატივას წარმოადგენს. ახალი მეთოდოლოგიის შექმნას კი ის გარემოება აფერხებს, რომ "საარსებო მინიმუმის" დათვლის საერთაშორისო მეთოდოლოგია არ არსებობს და ამ მაჩვენებელს დღეს მხოლოდ პოსტ-საბჭოთა ქვეყნები ითვლიან. საქსტატი ახალი მეთოდოლოგიის შემუშავებაზე მთავრობასთან ერთად მუშაობისთვის მზად არის "ყველაზე დიდი პრობლემაა ის, რომ არ არსებობს საერთაშორისო მეთოდოლოგია და საერთაშორისო პრაქტიკა საარსებო მინიმუმის დათვლისთვის. ის ძირითადად ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში იანგარიშება. მოგეხსენებათ ამ შემთხვევაში ჩვენ სრულიად დაფუძნებული ვართ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ მინიმალურ სასურსათო კალათაზე, რაც შეეხება მეთოდოლოგიას, შემდეგ როგორ ხდება არასასურსათო მდგენელის დამატება, თანაცხოვრების კოეფიციენტების გათვალისწინება, ეს მეთოდოლოგიის ნაწილია, რომელიც დამტკიცებულია მთავრობის დადგენილების მიხედვით და მისი შეცვლა არ არის მხოლოდ საქსტატის უფლებამოსილება. ფინანსთა სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო საქსტატთან ერთად უნდა იყოს ინიციატორი მეთოდოლოგიის ცვლილების. ჩვენ, საქსტატი, გამოვხატავთ მზადყოფნას აღნიშნული მაჩვენებლის შემდგომი განვითარების მიმართულებით", - ამბობს თოდრაძე. როგორ ითვლიან საარსებო მინიმუმს? საქართველოში საარსებო მინიმუმს 1997 წლიდან ითვლიან. სწორედ ამ წელს მიიღო პარლამენტმა კანონი, რომელიც დღესაც მოქმედებს. კანონის მიხედვით, საარსებო მინიმუმი წარმოადგენს სოციალურ ორიენტირს, რომელიც გამოიყენება ხელფასების, პენსიების, სტიპენდიების, შემწეობებისა და სხვა სოციალური გასაცემლების მინიმალური ოდენობის განსაზღვრისთვის. შესაბამისად, მის ოდენობას, ქვეყანაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სოციალური დატვირთვა აქვს. საარსებო მინიმუმის გამოანგარიშება ხდება სპეციალური სასურსათო კალათის მეშვეობით, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, 2003 წლის 8 მაისს განისაზღვრა. მეტიც, საარსებო მინიმუმი მხოლოდ და მხოლოდ სურსათის ღირებულების გამომხატველი მაჩვენებელია. საარსებო მინიმუმში არ შედის კომუნალური ტარიფების ღირებულება, ტრანსპორტის ღირებულება და სხვა მრავალი ხარჯის ღირებულება, რომელთა გაღებაც ყველა ადამიანს უწევს. დღეს არსებული სისტემა მხოლოდ და მხოლოდ საკვების ღირებულებას ეფუძნება. მაგალითად, ზამთრის სეზონზე ცხოვრების საშუალო ხარჯი გათბობის ხარჯების გამო საშუალოდ 20%-ით მაინც უფრო ძვირია ვიდრე ზაფხულში. იმის გამო, რომ საარსებო მინიმუმი ამ ხარჯებს არ ითვალისწინებს, ზამთრისა და ზაფხულის საარსებო მინიმუმებს შორის სხვაობა მცირეა. მაგალითად, 2019 წლის იანვარში ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 355.9 ლარს შეადგენდა, ივნისში კი, ის 374.8 ლარი იყო. რეალურ ცხოვრებაში ნაკლებად სავარაუდოა სეზონებს შორის დანახარჯების სხვაობა ასეთი მცირე ყოფილიყო. საკვები რაციონი, რომლის მიხედვითაც შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი გამოიანგარიშება დღეში 2300 კილოკალორიას მოიცავს. ეს ცხრილი ასე გამოიყურება: პური - თვეში 7.5 კილოგრამი (დღეში 250 გრამი) ლობიო - თვეში 600 გრამი; ბრინჯი - თვეში 300 გრამი; მაკარონი - თვეში 450 გრამი; ღორის ხორცი - თვეში 300 გრამი; ქათმის ხორცი - თვეში 600 გრამი; ძეხვი - თვეში 300 გრამი; კარტოფილი - თვეში 4.5 კილოგრამი; კომბოსტო - თვეში 1.2 კილოგრამი; მაწონი - თვეში 750 გრამი სრული რაციონი იხილეთ ბმულზე. საარსებო მინიმუმის გამოთვლის შემდეგ საფეხურზე აღნიშნულ საკვებ რაციონს აჯამებენ, რის შედეგადაც დაიანგარიშება თვეში საკვები რაციონის ღირებულება. შემდეგი საფეხური ამ მიღებული თანხის “შევაჭრების კოეფიციენტზე” გაყოფაა. რა არის ე.წ. “შევაჭრების კოეფიციენტი”? დავუშვათ, რომ საკვები რაციონის საერთო ღირებულება გამოვიდა 200 ლარი. საქსტატი ამ მიღებულ რიცხვს ყოფს 0.86-ზე, ანუ მას 14%-ით ამცირებს. ამას “შევაჭრების კოეფიციენტის” შეწონვა ეწოდება. მთავრობის შეფასებით, ადამიანი, რომელიც ამ სასურსათო კალათას ყიდულობს თითოეულ შენაძენზე პროდუქტის საბაზრო ღირებულებასთან შედარებით 14%-იან ფასდაკლებას იღებს. 2003 წელს ამ მეთოდოლოგიის დაწერის დროს მაღაზიებში პროდუქტების ფასზე ვაჭრობა გავრცელებული პრაქტიკა იყო, დღეს კი, სუპერმარკეტებში ფასზე ვაჭრობის შესაძლებლობა თითქმის არ არსებობს. რა ხდება მას შემდეგ, რაც სასურსათო ხარჯებს დაითვლიან? სასურსათო კალათის ღირებულებას საქსტატი ყოფს 0.7-ზე, ეს კი იმიტომ, რომ საარსებო მინიმუმში საკვების ხარჯები განისაზღვრება 70%-ით. მეთოდოლოგიის მიხედვით, დანარჩენი 30% არის არასასურსათო ხარჯები, თუმცა აღნიშნული არასასურსათო ხარჯები გაწერილი არაა და ისევე სურსათის ღირებულებიდან გამომდინარეობს. ხარჯების პირობითად ასეთი გადანაწილება (70% სურსათი, 30% სხვა დანარჩენი ხარჯები) ეფუძნება ეკონომიკურ დაშვებას, რომ რაც უფრო ღარიბია ადამიანი მის მთლიან ხარჯებში სურსათის წილი უფრო მაღალი იქნება. საქსტატის მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის საშუალო სასურსათო ხარჯები მათ მთლიან ხარჯებთან მიმართებით 41.4%-ია. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობა შემოსავლის 41.4%-ს საკუთარ კვებაზე ხარჯავს 58%-ს კი სხვა სერვისებში იხდის (მაგალითად, გადასახადები, ტრანსპორტი, განათლება კომუნალური ტარიფები, გართობა და სხვა). საარსებო მინიმუმის დათვლაში კი, გამოიყენება სასურსათო ხარჯების 70%-იანი მაჩვენებელი, დანარჩენი 30% ისევე სურსათის ხარჯებიდან იანგარიშება. შესაბამისად, ერთადერთი რეალური ცვლადი რომელსაც დღეს საარსებო მინიმუმზე აქვს გავლენა არის ქვეყანაში სურსათის ფასები.
---
31.10.2019
მედიასაშუალება: http://kvira.ge/512954
ევროსაბჭოს სესიაზე რეზოლუცია “ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა როლი დევნილთა დაცვის საკითხებში“ მიიღეს
სტრასბურგში, ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 37-ე პლენარულ სესიაზე რეზოლუცია “ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა როლი დევნილთა დაცვის საკითხებში“, 100 ხმით 12-ის წინააღმდეგ მიიღეს. დოკუმენტში ასახულია საქართველოს დელეგაციის მიერ წარდგენილი ცვლილებები, სადაც ხაზგასმულია რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ორ რეგიონში – აფხაზეთსა და ცხინვალში მიმდინარე უკანონო და განგრძობადი სამხედრო ქმედებები, რითაც უხეშად ირღვევა ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებები. ცვლილებები, რომელსაც კონგრესმა მხარი დაუჭირა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის (NALAG) ვიცეპრეზიდენტისა და ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის რეგიონთა პალატის სრული წევრის, გიორგი ტყემალაძის მიერ 2019 წლის ივნისში, შტუდგარდში გამართულ ევროსაბჭოს კონგრესის მიმდინარე საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იყო წარდგენილი. “ჩვენ დიდი ხნის მანძილზე ვმუშაობდით ამ საკითხზე საგარეო საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებთან კოორდინაციით. მიღებული რეზოლუცია ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. ამ რეზოლუციაში უაღრესად პრინციპული და კრიტიკული პოზიცია არის ასახული რუსეთის აგრესიისა და განგრძობადი უკანონო ოკუპაციის შესახებ. ასევე, ვრცლად არის საუბარი ამ აგრესიის შედეგების შესახებ და საქართველოს გამოცდილებაზე იძულებით გადაადგილებული პირების სოციალური და ფუნდამენტური უფლებების უზრუნველყოფის შესახებ”. დოკუმენტში აღნიშნულია: „საქართველოს შემთხვევაში, ნახევარ მილიონამდე იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან, რომლებიც 1990-იან წლებში შეიარაღებული დაპირისპირებებისა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად იქნენ გამოძევებული, კვლავ მოკლებულნი არიან თავიანთ სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების ფუნდამენტურ უფლებას. საქართველოს ორ რეგიონში რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნა არის მიზეზი გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვისა, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის გზით, რომელიც ართულებს წვდომას ჯანდაცვასა და განათლებაზე, ასევე, ოჯახებს შორის კავშირებს, წარმოქმნის უსაფრთხოების დამატებით რისკებს,”- განაცხადა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის ვიცეპრეზიდენტმა, თამარ ტალიაშვილმა. დოკუმენტი ასევე ყურადღებას ამახვილებს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა როლსა და პოლიტიკური ანგარიშვალდებულების მნიშვნელობაზე იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტეგრაციის, ჩართულობისა და დისკრიმინაციისაგან დაცვის საქმეში. ამ კუთხით, აღნიშნულია საქართველოს წარმატებული გამოცდილება – ადგილობრივ დონეზე პრიორიტეტებისა და ბიუჯეტის განსაზღვრის საქმეში იძულებით გადაადგილებული ქალების ჩართულობის, ასევე, კონფლიქტით დაზარალებულ მუნიციპალიტეტებში, ერთობლივი სამუშაო ჯგუფების შექმნის თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული კონგრესის საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში შედიან დელეგაციის ხელმძღვანელი, თბილისის მერი, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის (NALAG) პრეზიდენტი კახა კალაძე, დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის (NALAG) ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ტყემალაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი სევდია უგრეხელიძე, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესისა და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის (NALAG) ვიცეპრეზიდენტი, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი.
---
ბეჭდვითი მედია
01.11.2019
მედისაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
ტარიფების გათანაბრება სამედიცინო სფეროში
ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმის პროექტის („მხოლოდ ერთობლივი სწორი ნაბიჯების დროა“) პრეზენტაციაზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ახალი სისტემა ყველა კლინიკისათვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მიწოდებულ სერვისებზე ტარიფებს გაათანაბრებს. „სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც სელექციური გზით იქნებიან ჩართული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, იღებენ ვალდებულებას, ბენეფიციარებს სერვისები მიაწოდონ სახელმწიფოს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფით“. რა მიმართულებები იგულისხმა მინისტრმა, ვინ დაადგენს ფასს და როგორ აისახება ეს ცვლილება სერვისის მიწოდებაზე? - ამ კითხვებს ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას უპასუხა: „ჩვენ პროგრამა დავიწყეთ რეანიმაციის და კარდიოლოგიური ქირურგიის სერვისიდან, რომელიც ყველაზე მოთხოვნადი, მაღალანაზღაურებადია და დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. ამდენად, პრიორიტეტულად განისაზღვრა ეს ორი მიმართულება. კლინიკების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შევისწავლეთ რეალური დანახარჯები და ანალიზის შედეგად ჩამოყალიბდა ერთიანი ტარიფი პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკისთვის, რომელიც სწორად ასახავს ბაზრის ტენდენციებს“. როგორც თამარ გაბუნიამ განმარტა, დღეს ის კლინიკები, რომლებიც სახელმწიფო პროგრამაში თავიდანვე ჩაერთნენ, შემოთავაზებული ჰქონდათ შედარებით დაბალი ფასი, მოგვიანებით შემოსულმა კლინიკებმა კი მათთვის მისაღები, შედარებით მაღალი ფასი შესთავაზეს თავიანთ სერვისზე და ეს ფასიც იყო მიღებული სახელმწიფო პროგრამაში. შესაბამისად, ამ ცვლილებით სახელმწიფო ერთნაირ ფასს გადაუხდის ყველა კლინიკას, რომელიც ჩართული იქნება პროგრამაში. მინისტრის მოადგილე არ ასახელებს კონკრეტულ ფასს, რადგან ინტერვენციების, სამედიცინო ჩარევის მიხედვით, სხვადასხვაა სერვისის ფასი. თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ტარიფისა და სერვისების ჩამონათვალს პარასკევს მთავრობის სხდომაზე წარადგენენ. თუკი მთავრობის გადაწყვეტილება იქნება დადებითი, რეანიმაციისა და კარდიოლოგიური ქირურგიის ორი ტარიფი შევა ძალაში 15 დღის ვადაში. თამარ გაბუნიას თქმით, მოლოდინი აქვთ, რომ უკვე იანვრისთვის დადგენილი იქნება ტარიფები შემდეგი 10, ყველაზე მოთხოვნადი, სერვისისთვის. ხომ არ გამოიწვევს ეს ცვლილება საყოველთაო დაზღვევის არმქონე ადამიანებისთვის სერვისის ფასის გაზრდას, რათა კერძო კლინიკებმა ზოგ შემთხვევაში სერვისზე დაწეული ფასის კომპენსირება მოახდინონ? კითხვას გაბუნიამ ასე უპასუხა: „ეკონომიკურ ლიტერატურაში ამას ჰქვია „ქოსთ შიფტინგი“. თეორიულად ამისი რისკი არსებობს, თუმცა, ჩვენი შეფასებით, ტარიფი, რასაც ჩვენ ვთავაზობთ, არის მაქსიმალურად ახლოს საბაზრო ღირებულებასთან. ამდენად, ამან არ უნდა გამოიწვიოს ხელოვნური ტენდენციები ბაზარზე. ჩვენ დავაკვირდებით. როდესაც დაიწყება ტარიფების მოქმედება, სამინისტრო შეაფასებს ბაზრის პასუხს ამ ინტერვენციაზე. დღეს ამის რისკები არის მინიმალური“. პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე მიესალმება ამ ცვლილებას და ამბობს, რომ სახელმწიფომ, დაახლოებით, ორი წლის წინ დაადგინა ერთიანი ტარიფი მშიბიარობის ფასთან დაკავშირებით და საჭიროა კიდეც, რომ სხვა სამედიცინო სერვისებზეც ერთიანი ფასი დადგინდეს. არ შეიძლება კონკრეტული ოპერაცია ერთ კლინიკაში ღირდეს 300, მეორში 2000, როცა მანიპულაციის შესრულებისას ის ერთნაირ ხარჯებს მოითხოვს. ეს პრინციპი გამოიყენება ევროპის ბევრ ქვეყანასა და აშშ-ში. აკაკი ზოიძე განმარტავს სელექციური კონტრაქტების მნიშვნელობასაც: „დღეს ნებისმიერ კლინიკას შეუძლია განაცხადის შევსება და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობა, ფასების დადგენა მომსახურებაზე ისე, რომ არ არის ახსნილი, საიდანაა ეს ხარჯი. სელექციური კონტრაქტირებისას კი სახელმწიფო ადგენს მოთხოვნებს ხარისხის, ჭრილობა რამდენად ინფიცირდება ამ დაწესებულებაში, ჰყავს თუ არა სრულ შტატაზე საკმარისი რაოდენობა ექიმების, თუ ერთი ადგილიდან მეორეზე დადიან და ამის გამო პაციენტს უგვიანებენ გადაუდებელ დახმარებას, ანუ ბევრი ფაქტორი იქნება, რომელიც ჩადებული იქნება ხელშეკრულებაში“. გარკვეული ვადა მიეცემათ კლინიკებს. ეცოდინებათ, მათ მიმართ რა მოთხოვნა არსებობს იმისთვის, რომ მიიღონ საყოველთაო პროგრამაში მონაწილეობა. როგორც აკაკი ზოიძე ამბობს, იმ კლინიკებს, რომლებიც არიან და იქნებიან ჩართული საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში, არ ექნებათ უფლება განსხვავებული ტარიფით მოემსახურონ იმ პაციენტებს, რომლებიც არ არიან ჩართული საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში. „ევექსის“ ჰოსპიტლების დირექტორისთვის მისაღებია სამინისტროსგან შეთავაზებული სელექციური კონტრაქტირების ფორმა, რადგან „ სელექციური კონტრაქტირება გულისხმობს იმას, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ გააფორმოს კონტრაქტები ისეთ კლინიკებთან, სადაც სამედიცინო მომსახურების გაცილებით მაღალი ხარისხია. შესაბამისად, პაციენტებს საშუალება ექნებათ დაფინანსება მიიღონ და იმკურნალონ გაცილებით უსაფრთხო და ხარისხიან გარემოში“, - ამბობს გიორგი მინდიაშვილი. თუმცა „ევექსის“ დირექტორისთვის ჯერ უცნობია, რა მიმართულებებზე დადგინდება ერთიანი ფასი და, ზოგადად, როგორი იქნება მომსახურების ტარიფი: „დეტალური ფასების განხილვა ჩვენთან არ ყოფილა და ამ ინფორმაციას არ ვფლობთ. ხვალ უნდა შევხვდეთ მოადგილეს და შეიძლება მეტი დეტალი გახდეს ცნობილი“. არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე ამბობს, რომ ფასწარმოებაში სახელმწიფოს ჩარევა პრობლემებს შეუქმნის კლინიკებს, რომელთა უმეტესობაც კერძოა: „მე არ ვარ ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტი, თუმცა სახელმწიფოს ჩარევას ნებისმიერ ბიზნესსაქმიანობაში, სადაც სისტემა ასე თუ ისე გამართულად მუშაობს, ხელს შეუშლის სფეროს განვითარებას. ფასს ბევრი რამე განსაზღვრავს: ექიმის კომპეტენცია, ინფრასტრუქტურა, დანადგარები. მაგალითად რომ ავიღოთ ტექნიკის მაღაზია, ერთს უკეთესი პირობები აქვს და მივდივარ იქ. ყველას რომ ერთნაირი ფასი ჰქონდეს, იქნებოდა ჩრდილოეთ კორეა, სადაც ყველაფერი ერთფეროვანია და განვითარება არ ხდება“. ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება ყოველწლიურად მზარდია, 2018 წელს მილიარდ ლარს გადააჭარბა, ან თანხის 70%-ზე მეტი, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯებია. რამდენად გაამართებს გაწეულ დაგეგმილი ცვლილება და რამდენად მომგებიანი იქნება სამინისტროს შეთავაზება კლინიკებისთვის ეს ჯერ უცნობია.
---
01.11.2019
მედისაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
დასვენების დღის გარეშე მუშაობა აიკრძალება, ცვლილებები შეეხებათ ექიმებსაც
კვირაში 6 დღეზე მეტხანს მუშაობა შესაძლოა, აიკრძალოს. აუცილებელია დასაქმებულს კვირაში ერთი 24-საათიანი, სრულყოფილი დასვენების დღე მაინც ჰქონდეს, რომელსაც სურვილისამებრ გამოიყენებს. აგრეთვე ცვლილებები მზადდება ექიმების სამუშაო ადგილებთან დაკავშირებითაც. სამომავლოდ სამედიცინო დარგის სპეციალისტებს მაქსიმუმ 2 ადგილას შეეძლებათ მუშაობა. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უკვე წარდგენილია. „დღეს შრომის კოდექსი არ ადგენს კვირის განმავლობაში დასვენების დღეების ოდენობას. შესაბამისად პრაქტიკაში შესაძლებელია და ხშირად გვხვდება, რომ დასაქმებულები კვირაში 7 დღეს მუშაობენ. იქიდან გამომდინარე, რომ ერთი კონკრეტული დღის უქმე დღედ გამოცხადებამ დიდი გართულება შეიძლება გამოიწვიოს დამსაქმებელთათვის, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ შრომის კოდექსში გაჩნდეს ისეთი ჩანაწერი, რომელიც დასაქმებულთათვის კვირაში სამუშო დღეების მაქსიმალურ ოდენობად 6 დღეს დაადგენს. შესაბამისად, 1 კვირის განმავლობაში დამსაქმებელს შეეძლება დაასაქმოს პირი, მხოლოდ 6 დღით“, - აღნიშნულია პროექტში. შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები კანონპროექტის ინიციატორებმა, დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, უკვე მეორე საჯარო შეხვედრაზე განიხილეს. ამჯერად მათი განხილვის მთავარი თემები შრომითი დისკრიმინაციის აკრძალვა, ქალთა უფლებების გაძლიერება და დეკრეტული შვებულების ახლებური რეგულირება იყო. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს დამსაქმებელთა ასოციაციის, ბიზნეს ომბუდსმენის აპარატის, კერძო და არასამთვრობო სექტორის, ასევე, ქალთა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. „ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების სტანდარტების გათანაბრება კერძო და საჯარო სექტორში მნიშვნელოვანია როგორც გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით, ასევე დემოგრაფიული და მამების ჩართულობის თვალსაზრისითაც. ცხადია, ზოგიერთი კომპანია ახალისებს ამ პროცესს და ანაზღაურებს დეკრეტულ შვებულებას, თუმცა, ვფიქრობთ, პროცესში სახელმწიფოც უნდა ჩაერთოს. ბიზნესი, ამ შემთხვევაში, უფრო მოქნილი იქნება და თავისუფლად დაასაქმებს ქალებსაც, კაცებსაც, რადგან დეკრეტული შვებულების ანაზღაურება კომპანიისთვის ტვირთი აღარ იქნება“, - განაცხადა დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა. ჯანდაცვის სამინისტრო კი შრომის უფლებებისა და კონტროლი მიმართულებით არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადასადგმელად ემზადება. სამომავლოდ ექიმებს შესაძლოა, ორზე მეტ კლინიკაში მუშაობა აეკრძალოთ. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განმარტებით, არის შემთხვევები, როცა კონკრეტული სპეციალობის ექიმი რამდენიმე ადგილზე მუშაობს, რის გამოც იქმნება არაერთი პრობლემა, მათ შორის გადაუდებელი შემთხვევების დროს საავადმყოფოში ექიმის დროულად მისვლის. „ძალიან ბევრი ექიმი მუშაობს რამდენიმე კლინიკაში. ცოტა ხნის წინ ჩვენ ეს საკითხი შევისწავლეთ და მივიღეთ ასეთი სურათი - ერთი ანესთეზიოლოგი მუშაობს ორ, სამ, ოთხ, ხუთ, ექვს ადგილას. მეანი, რომელიც არის მაღალი კვალიფიკაციის და ვინც აუცილებლად უნდა იყოს გუნდში, მუშაობს ასევე ორ, სამ, ოთხ ადგილას. ეს იმის მანიშნებელია, რომ დღეს ჩვენ გვაქვს საკადრო რესურსის დეფიციტი, ვიდრე სიჭარბე. ასევე გვაქვს ექთნების მწვავე დეფიციტი სისტემაში, ასევე ეს ექთნები გადანაწილებულები არიან არათანაბრად სხვადასხვა მცირე ზომის კლინიკებში. სამედიცინო სფეროში ის ადამიანური რესურსი, რომელიც დღეს გადანაწილებულია, ფრაგმენტულად აწვდის სერვისს და ხშირად იმის გამო, რომ ექიმის გადაადგილება ერთი ადგილიდან მეორეზე დროს მოითხოვს და შეიძლება დროულადაც ვერ მივიდეს გადაუდებელ შემთხვევებში დანიშნულების ადგილამდე. სამომავლოდ ასეთი რისკები სრულიად მოიხსნება, რადგან ექიმი იმუშავებს ერთ კონკრეტულ დაწესებულებაში, თავის დროს მოახმარს იქ და ექნება ადეკვატური შრომის ანაზღაურებაც“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ თამარ გაბუნიამ და დასძინა, რომ შეიძლება ექიმს ორ კლინიკაში მუშაობის უფლება მიეცეს, მაგრამ „არა სამში, ოთხში, ხუთსა და ექვსში“.
---
01.11.2019
მედისაშუალება: რეზონანსი
20 ლარიდან 320 ლარამდე - ნახტომი მინიმალურ ხელფასში?!
დაქირავებით დასაქმებულთა 15%-ს, შესაძლოა, ხელფასი გაეზარდოს. ცვლილებების ინიციატორი პროფკავშირების გაერთიანებაა. დღეს, მინიმალური ხელფასი 20 ლარია, ცვლილების მიღების შემთხვევაში კი 320 ლარს მიაღწევს. ახლა მთავარი კითხვაა, რა ნეგატიური შედეგი ექნება, რამდენად გაზრდის ეს ბიზნესის ხარჯს და რა გზებს გამოიძებნება წნეხის შესამსუბუქებლად - იქნება ეს საშუალო ხელფასის კლება, პროდუქციის ფასის ზრდა, თუ შავი ბუღალტერია. მინიმალური ხელფასი საქართველოში, შესაძლოა, თვეში არანაკლებ 320 ლარით განისაზღვროს. აღნიშნულთან დაკავშირებით, პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა პროფკავშირების გაერთიანებამ შეიტანა. დღეის მდგომარეობით, საქართველოში, კერძო სექტორში მინიმალური ხელფასი 20 ლარია, კანონპროექტის მიხედვით კი, თვეში არანაკლებ 320 ლარით განისაზღვრება, რაც საშუალო ხელფასის 30%-ს შეადგენს და საერთაშორისო პრაქტიკაა. „ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით მინიმალური ხელფასი ყოველწლიურად გადაიხედება. კანონის მიღება გავლენას მოახდენს 130 000 დასაქმებულზე, ანუ დაქირავებით დასაქმებულთა 15%-ზე, რომელთა ხელფასიც თვეში 320 ლარზე ნაკლებია. კანონპროექტის რეგისტრაციის შემდეგ საჭირო იქნება 30 000 ხელმოწერის შეგროვება და პარლამენტში წარდგენა,“ -აღნიშნულია პროფკავშირების ინფორმაციაში. იურისტ აკაკი ჩარგეიშვილის აზრით, შრომის მინიმალური ანაზღაურების ზღვარის დადგენა არის ის ლოგიკა და შედეგი, რომლისკენაც ნელ-ნელა უნდა წავიდეთ, თუკი ნამდვილად გვინდა ევროპული ოჯახის წევრობა. "შრომითი საკითხების რეგულირება ნამდვილად არის ის საკითხი, რომელსაც საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში უნდა მიჰყვეს. დღეს აშკარაა, რომ დასაქმებულთა უფლებების შელახვა ხდება მრავალი კუთხით და ამას ცხადყოფს პროფკავშირების აქტივობაც. ამ ყველაფრის ფონზე, შრომის კოდექსის აღსრულების ზედამხედველობა, რასაკვირველია, მნიშვნელოვანია. მიმაჩნია, რომ დასაქმებულისათვის შრომის მინიმალური ანაზღაურების ზღვარის დადგენა არის ის შედეგი, რომლისკენაც ნელ-ნელა უნდა წავიდეთ, თუ ჩვენ ნამდვილად გვინდა ევროპული ოჯახის წევრობა. მათ შორისაა ღირსეული ანაზღაურებაც, მაგრამ, ალბათ, სადავო უნდა იყოს საათობრივი სჯობს თუ სახელფასო მინიმუმით დადგენილი მინიმუმი. ცხადია, საქართველოში შრომის ბაზარი განუვითარებელია და ინვესტიციების გარდა, საკანონმდებლო ბაზამაც უნდა შეუწყოს მის განვითარებას ხელი. მოგეხსენებათ, ზღვარგადასული თავისუფლების რეჟიმშია ბევრი ბიზნესი და რეგულაციების მიღმაა დარჩენილი არაერთი საწარმო. ჩვენ მივეჩვიეთ ასე ცხოვრებას და დასაქმებულის უფლებების შელახვას, სანამ სავალალო პრობლემების წინაშე არ აღმოვჩნდებით ხოლმე. ამიტომ ფორსმაჟორის გარეშე უნდა მიიღებოდეს მსგავსი ინიციატივები", - აცხადებს "რეზონანსთან" ჩარგეიშვილი. მინიმალური ხელფასის იდეა კატეგორიულად მიუღებელია სპეციალისტების საკმაოდ დიდი ჯგუფისათვის. ეკონომიკის დოქტორი, ირაკლი მაკალათიას თქმით, ინიციატივა კერძო ბიზნესის გარდა, უარყოფითად აისახება თავად იმ ადამიანებზე, რომლებსაც ხელფასი გაეზრდებათ. ,,სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ციფრი სახელდება ხოლმე, თუ რამდენი უნდა იყოს მინიმალური ხელფასი და არასოდეს, კვლევაზე და რამე რეალურ ანალიზზე არ არის დაფუძნებული. სოციალურ ქსელშიც ბევრჯერ მიკითხავს მსგავსი ინიციატივის ავტორებისათვის, კონკრეტული მეთოდოლოგიის შესახებ, თუმცა პასუხი არ მაღირსეს. ამიტომ ეს პროპაგანდას უფრო ჰგავს, ვიდრე კონკრეტულ გეგმას. ცვლილება, რომელიც თითქოს გათვლილია დაბალშემოსავლიანი ფენის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე, პირიქით, სწორედ ამ მოწყვლად ფენას დაარტყამს, ხოლო მდიდრებს არც კი შეეხება. მინიმალური ხელფასის ზრდით, წარმოებას გაეზრდება ხარჯები, შესაბამისად ისინი წავლენ ასეთ ნაბიჯებზე, რომ ან დასაქმებულებს შეამცირებენ, ან მაღალი ხელფასის მქონეებს შეუკვეცავენ ჯამაგირს, ან მიადგებიან იმ სცენარს, რაც თურქეთში გათამაშდა. როგორც კი მინიმალური ხელფასი განისაზღვრა საკმაოდ მაღალი ნიშნულით, წარმოებამ პროდუქცია გააძვირა და გამოვიდა, რომ მსყიდველუნარიანობა შემცირდა და ხელფასი გაიზარდა მხოლოდ ნომინალურად. რეალურად კი მოსახლეობისათვის არაფერი შეცვლილა. არგუმენტი თითქოს ის არის, რომ ამას დიდი კომპანიები გაუძლებენ. სინამდვილეში, ისინი არც ერთ შემთხვევაში არ იზარალებენ და ან ზემოთ აღნიშნულ გზებს მიმართავენ ან შავი ბუღალტერიის რისკი გაიზრდება. ყველაზე მეტად ისევ მცირე და საშუალო ბიზნესს იზარალებს. გამოდის, მათ გავწირავთ ყველაზე მეტად. ცალსახად მსგავსი ინიციატივა მიუღებელია”, - ამბობს მაკალათია ,,რეზონანსთან”. ეკონომიკის დოქტორი ასევე დასძენს, რომ ყველა მსგავსი რეგულაციის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გამართლება არასწორია, მით უფრო, რომ დოკუმენტი უფრო მეტად სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს.
---
01.11.2019
მედისაშუალება: რეზონანსი
რა საფრთხე ემუქრება თბილისელთა ჯანმრთელობას
იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ქალაქებში ჰაერი ძალზედ დაბინძურებულია, შესაძლოა საზოგადოების ფართო წრეს ჯერ ბოლომდე გაცნობიერებული არ ჰქონდეს, თუ ადამიანის ჯანმრთელობისთვის რამდენად მნშვნელოვანია სუფთა ჰაერი, საქართველო ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობით 70-ე ადგილზეა, რაც მსოფლიო ქვეყნების ფონზე საკმაოდ საგანგაშო სტატისტიკაა. ორგანული საწვავი და სხვა ნივთერებების წვის შედეგად წარმოქმნილი მავნე ნაერთები ატმოსფეროს მთავარი დამაბინძურებლებია. 21-ე საუკუნეში, ჰაერის დაბინძურება თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანას შეეხო, ამ პრობლემით გამოწვეული დაავადებებით, ყველაზე ნაკლები ადამიანი ფინეთში იღუპება, აქედან გამომდინარე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, მსოფლიოში ჰაერის საუკეთესო ხარისხი ამ ქვეყანაში დაფიქსირდა,ფინეთის გარდა, ლიდერების სიაში ესტონეთი, შვედეთი, ნორვეგია და ისლანდია მოხვდნენ. გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტი, ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები-დედამიწის მეგობრების" თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ ჰაერის დაბინძურებას არა მხოლოდ გაუმართავი ტრანსპორტის გამონაბოლქვი, არამედ შეუფუთავი მშენებლობები და სამრეწველო გამონაბოლქვი იწვევს. „საწვავის ხარისხი, გაუმართავი ტრანსპორტი, შეუფუთავი მშენებლობები და მშენებლობის შედეგად წარმოქმნილი მტვერი, ეს ყველაფერი ხელს უწყობს ჰაერის დაბინძურებას. „საქართველოს ქალაქებიდან ყველაზე მეტად დაბინძურებული ჰაერი თბილისშია, იმიტომ, რომ ამ ქალაქზე ყველაზე მეტი დატვირთვა მოდის. არანაკლები სამრეწველო ტიპის დაბინძურებები არსებობს, მაგალითად, რუსთავში ერთ-ერთ საწარმოში სერიოზული დაბინძურებაა, საწარმოს აშკარად გამართული სისტემა არ აქვს, რასაც მოსახლეობა აფიქსირებს ამას. არანაკლები პრობლემატურია ისევ და ისევ ზესტაფონი. „ავტომობილების გამონაბოლქვის თვალსაზრისით, საწვავის ხარისხის კუთხით გადახედვა მიმდინარეობს, რაც შეეხება მშენებლობებს, ჯერჯერობით შემოღებულია რეგულაციები, რომ ყველა შენობა შეფუთული უნდა იყოს, მაგრამ თქვენ ხედავთ შეფუთულ შენობებს? ეს პრობლემაა, წესები არსებობს, უბრალოდ მნიშვნელოვანია რომ ეს გაკონტროლდეს. „რაც შეეხება გზების რეაბილიტაციას, ეს მიმდინარეობს და ცხადია, რომ მტვერი არის, გზებიდან მტვერი, რომ არ იყოს აუცილებლობაა გზების მორწყვა. „-აცხადებს იგი. ჩხობაძისვე თქმით, ჰაერის დაბინძურება ადამიანის ჯანმრთელობაზე საკმაოდ ცუდ გავლენას ახდენს. „ჰაერის დაბინძურება, განსაკუთრებით სასუნთქი სისტემების პრობლემებს იწვევს და ქმნის ალერგიულ ფონს. „ვთვლი, რომ ჰაერის დაბინძურების პრობლემას, როგორც საგანგაშოს, ჩვენი მთავრობა საკმაოდ კარგად აღიქვამს, თუმცა, ჩვენ კომპლექსურ მიდგომებს ვერ ვხედავთ, რომელიც ძალიან გვჭირდება, მაგალითად ქალაქებში ჰაერის დაბინძურების შემცირების ერთ-ერთი ასპექტი მუნიციპალური ტრანსპორტის შემოღებაა. "ვერაფერს ვერ ვიტყვით თბილისის მერიაზე იმიტომ, რომ ცდილობს გაზარდოს მუნიციპალური ტრანსპორტის მოცულობა, მნივნელოვანია, რომ ეს სწრაფი ნაბიჯებით ხორციელდებოდეს, ამას სერიოზული ფინანსები სჭირდება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ გეგმა ძალიან მკაფიოდ იყოს დასახული. „საერთოდ ვთვლი, რომ დაბინძურებასთან დაკავშირებით სახელმწიფო პროგრამა უნდა არსებობდეს,რომელიც ეტაპობრივად ამ პრობლემის მოგვარებას მოახდენს. „საქართველოს მთავრობას ჰაერის დაბინძურებასთან მიმართებაში ბევრი ვალდებულება აქვს, მათ შორის ასოცირების შთანხმებიდან გამომდინარე,მაგრამ ეს ცოტა დროშია გაწელილი, თუმცა ამის გარდა არსებობს არაერთი დასკვნა-შეფასება, რომელსაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აკეთებს."-განაცხადა ჩხობაძემ. ექიმი ინფექციონისტი მაია ბუწაშივილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ ჰაერის დაბინძურება, შესაძლოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში დაავადების მიზეზიც კი აღმოჩნდეს. „ჰაერის დაბინძურება პირველ რიგში სასუნთქი გზების დაავადებებს იწვევს, შესაძლოა, ასევე ფილტვის სიმსივნის და ბევრი სიმსივნური დაავადების რისკ- ფაქტორი აღმოჩნდეს, შეუძლია მნიშვნელოვნად დააზიანოს გულ-სისხლძარღვთა სისტემა, ასევე თირკმელები, ზოგადად ძნელია წარმოვიდგინოთ ორგანოთა სისტემა, რომელზეც ჰაერის დაბინძურება არ ახდენდეს რაიმე გავლენას მაინც. „სამწუხაროდ, იმის გამიჯვნა, თუ ჰაერი დაბინძურება ზუსტად რომელ დაავადებებს იწვევს, ეს ძალიან ძნელია, მაგრამ რეალურად ფაქტი სახეზეა და ჩვენი თვალითაც ვხედავთ, თუ რამდენად დგას გამონაბოლქვის პრობლემა და როგორი გაუმართავი ავტომობილები მოძრაობენ, ამიტომ სტატისტიკური ციფრებიც არაა აუცილებელი იმისთვის, რომ მივხვდეთ როგორი მძიმე ზემოქმედება აქვს ამაქს ჩვენს ჯანმრთელობაზე."-აცხადებს იგი. მისივე თქმით, ჰაერის დაბინძურების მთავარი ფაქტორი გაუმართავი ავტომობილების გამონაბოლქვია, რაზედაც სახელმწიფომ უნდა იზრუნოს. „ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი ავტომობილების გამართულობაა, სახემწიფომ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ასეთი გამონაბოლქვის მქონე ავტომობილების რიცხვი რაც შეიძლება მეტად შემცირდეს და ბოლოს და ბოლოს ჩვენს ქალაქში აღარ იყოს ისეთი ავტომობილები, რომლებიც გარემოში მავნე ნივთიერებებს ასეთი რაოდენობით აფრქვევენ. „გარდა ავტომობილებისა, საწარმოების მიერ გამონაბოლქვი და ნაწილობრივ თვითონ მოსახლეობის მიერ წარმოქმნილი მავნე ნივთიერებები, მაგალითად, მავნე პრაქტიკაა ნაგვის და ფოთლების დაწვისგან წარმოქნილი მავნე ნივთიერებები, ასევე გაუმართავი გათბობის სისტემები, აქედან გამომდინარე, ჩვენს მოსახლეობასაც ხშირად ვეუბნებით ხოლმე, რომ ეცადონ და გარემოს დაცვაში თავიანთი წვლილი შეიტანონ"- განაცხადა ბუწაშვილმა.
---