| From : | Tengiz Tsertsvadze <tt@aidscenter.ge> |
| To : | etikaradze@moh.gov.ge |
| Subject : | ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი |
| Cc : | tikhardziani@gmail.com |
| Received On : | 05.03.2020 14:31 |
ქალბატონო ეკატერინე,
მოგახსენებთ, რომ ა.წ. 28 იანვარს რეგულირების სააგენტოს კომისიამ შეისწავლა ცენტრის სანებართვო პირობები და დააფიქსირა, რომ ცენტრს არა აქვს ვენტილაცია უარყოფითი წნევით. ხარვეზის გამოსწორების ვადად მიუთითა ა.წ. 28 თებერვალი, მაგრამ სამინისტრო ამ ვადის გასვლასაც კი არ დაელოდა (იქნებ მართლა ვასწორებდით)?! და შეიტანა სარჩელი სასამართლოში. უკვე 24 თებერვალს მივიღეთ უწყება და სასამართლოს ხდომა ჩაინიშნა 27 თებერვალს, სადაც უნდა დავეჯარიმებინეთ 10 ათასი ლარით. 26 თებერვალს, საღამოს ჩვენ გავიარეთ სატელეფონო კონსულტაცია ქ-ნ თინათინ ხარძიანთან, თუ როგორ მოვქცეულიყავით, მაგრამ პასუხი ვერ მივიღეთ, რაც ძალიან სამწუხაროა მისი ზედმიწევნით პოზიტიური იმიჯის გათვალისწინებით. მეორე დღეს ჩვენ არ გამოვცხადდით სასამართლოზე, რადგან სარჩელის შინაარსის გახმიანებაც კი დაკავშირებული იქნებოდა სამინისტროსთვის და ქვეყნისთვის უდიდეს რისკებთან.
აღნიშნულთან დაკავშირებით მოგახსენებთ შემდეგს:
მარტო 2017-2019 წლებში ჩვენ 18-ჯერ, მათ შორის შვიდჯერ 2019 წლის 16 სექტემბრის შემდეგ, წერილობით მივმართეთ ჯანდაცვის სამინისტროს და ვითხოვდით დახმარებას ცენტრის უკიდურესად მძიმე პირობებთან დაკავშირებით, კერძოდ ცენტრისთვის ახალი შენობის აშენებას ან უკვე აშენებულის გადმოცემას, აგრეთვე საიჯარო ხელშეკრულებას ბ-ნ კურტანიძესთან. სხვა პრობლემებთან ერთად ყველა წერილში განსაკუთრებით იყო ხაზგასმული, რომ ცენტრს არა აქვს გამწმენდი ნაგებობა და ბოქსირებულ განყოფილებას არა აქვს სავენტილაციო სისტემა უარყოფითი წნევით, რაც წარმოადგენს აუცილებელ სანებართვო პირობებს და რის გარეშეც ჩვენი პროფილის დაწესებულების საქმიანობა შეუძლებელია. არსებობს მოსაზრება, რომ ახალი კორონავირუსი შესაძლოა გადაეცემოდეს ფეკალურ-ორალური მექანიზმითაც, რაც გამწმენდი ნაგებობის აუცილებლობას კიდევ უფრო მეტად ზრდის. ჩვენ აგრეთვე აღვნიშნავდით, რომ იგივე ბოქსირებულ განყოფილებაში არა გვაქვს ცხელი წყალი, გაუმართავია კანალიზაცია?! აყრილია იატაკი, ლპება კედლები და პაციენტების მომსახურება გვიწევს ადამიანის ღირსებისშემლახველ პირობებში. აგრეთვე აღვნიშნავდით, რომ არა გვაქვს „ემერჯენსი“, კომპიუტერული ტომოგრაფი და სხვა აუცილებელი აპარატურა, მაშინ როცა ცენტრისთვის შეძენილი 2.5 მილიონი ლარის აპარატურა დასაწყობებულია და ფუჭდება. რომ შპს „ავერსი-ფარმამ“ დაგვინგრია სამრეცხაო, ჭერი გადახადა ადმინისტრაციის კორპუსს და წვიმის დროს ჩამოდის წყალი; ბ-ნი კურტანიძე დაჟინებით ითხოვს რეანიმაციის და ნეიროინფექციების კორპუსის დაცლას და სხვ. იგი უარს ამბობს იჯარის ხელშეკრულების გაფორმებაზე და ამ მიზეზით უარს ამბობს ნებისმიერი, მათ შორის ყველაზე გადაუდებელი სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებაზე.
ჩვენ ვთხოვდით, უფრო სწორად ვემუდარებოდით სამინისტროს დახმარებას ცენტრისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებში და პირველ რიგში ვითხოვდით სწორედ ბოქსირებული კორპუსის რემონტს და სავენტილაციო სისტემის უარყოფითი წნევით გაკეთებას, მაგრამ აღნიშნულ საკითებში დახმარების მაგივრად სამინისტრომ უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა, გარდა იმისა, რომ ჩვენთვის სასამართლოში ეჩივლა?! ზუსტად იმ საკითხზე, რომლის სასწრაფოდ გადაჭრაც უშუალოდ სამინისტროს ვალდებულება იყო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გამოიკვეთა ახალი კორონავირუსით ინფექციის გავრცელების საფრთხე. მე არ მგონია, ვინმემ ამ ფენომენის ახსნა შესძლოს.
ჩვენ თქვენდამი უდიდესი პატივისცემისა და სიმპათიის გამო ვცდილობდით რაღაც გამართლება მაინც მოგვეძებნა იმისთვის, რომ სამინისტრო უმძიმეს პირობებში მყოფი და ქვეყნითვის უმნიშვნელოვანესი სამედიცინო დაწესებულების გადასარჩენად თვეების მანძილზე თითს არ ანძრევდა, მაგრამ მას შემდეგ რაც ზუსტად ამ საკითხზე სამინისტრომ სასამართლოში გვიჩივლა და თან ისე, რომ ხარვეზის გამოსასწორებლად მიცემული ვადის გასვლასაც კი არ დაელოდა, ნათელი გახდა, რომ სამინისტრო ამას გამიზნულად აკეთებდა და შეგნებულად აგრძელებდა ბ-ნ სერგეენკოს დაწყებულ საქმეს ცენტრის საბოლოოდ გასანადგურებლად, რაც ბევრ სხვა რაიმეშიც გამოჩნდა.
ჩემი ბოლო 40 წლიანი სამედიცინო კარიერის მანძილზე 17 ჯანდაცვის მინისტრი გამოიცვალა და პირველი შემთხვევაა, რომ ახალი მინისტრი რვა თვის მანძილზე აივ/შიდსის და ვირუსული ჰეპატიტების პრობლემებით საერთოდ არ დაინტერესებულა.
ცხოვრებაში პირველად მთლიანად ვეთანხმები ჩემი დაუძინებელი ოპონენტის ბ-ნი ზურაბ ჭიაბერაშვილის წინადადებას, რომ „ყოველგვარი ეჭვის გასაფანტად სასურველია ჯანდაცვის მინისტრმა პირადად გაუწიოს მეგზურობა ერთ-ერთ ტელე-ოპერატორს (ცხადია, სრული ეკიპირებით) ბოქსირებულ განყოფილებაში და გადააღებინოთ, თუ რა მდგომარეობაშია განყოფილება“. იქნებ მაშინ მაინც დარწმუნდეთ, თუ რა დღეში ჩააგდეთ ბ-ნმა კურტანიძემ, ბ-ნმა სერგეენკომ და თქვენ ჩვენი ცენტრი. გვინდა იცოდეთ, რომ თქვენი მიზეზით ჩვენ სისტემატურად გვიხდება ჩვენს თავზე ავიღოთ პაციენტების საშინელი აგრესია (ხშირად სამართლიანი) და ჩასაფრებული ტელევიზიების ლანძღვა ინფრასტრუქტურის საშინელ მდგომარეობასთან დაკავშირებით და რაც აგრეთვე მნიშვნელოვანია - ჩვენი ცენტრის ასეთ მდგომარეობაში ჩაგდებით, თქვენ სერიოზული სალაპარაკო მიეცით ჩასაფრებულ ოპოზიციას ხელისუფლების საწინააღმდეგოდ.
სამინისტროს გარდა ჩვენ ასევე ხუთჯერ მივმართეთ ბ-ნ პაატა კურტანიძეს, ნება დაერთო, ჩვენი ძალებით ჩაგვეტარებინა აღნიშნული სარემონტო სამუშაოები ან მათი ნაწილი მაინც, მაგრამ ყოველთვის კატეგორიულ უარს ვიღებდით. ამასთან ვინაიდან ჩვენ მთავრობის დადგენილების გარეშე არ გვქონდა ცენტრის სახსრების სხვისი კერძო საკუთრების რემონტზე დახარჯვის უფლება, ჩვენ მზად ვიყავით ყველაზე გადაუდებელი სამუშაოები (მაგ. კანალიზაცია, ცხელი წყალი და სხვ.), გაგვეკეთებინა ჩვენი საკუთარი (არა ცენტრის) ფულით, მაგრამ ასევე უშედეგოდ.
ჩვენ აგრეთვე არაერთგზის მივმართეთ სამინისტროს ხელმძღვანელობას წერილობით ზოგიერთ სხვა პრობლემასთან დაკავშირებით: აივ/შიდსის სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის და დეცენტრალიზაციის მიზნით ახალი სერვის ცენტრების გახსნა ქვეყნის ქალაქებსა და რაიონებში; დახმარება აივ/შიდსით ავადმყოფებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იმ მედიკამენტების შეძენაზე, რომლებიც არ არის რეგისტრირებული ჩვენს ქვეყანაში და არ მოიპოვება ქვეყნის ბაზარზე; უხეში დისკრიმინაცია სასწრაფო სამედიცინო დახმარების მხრიდან; დახმარება სამრეცხაოს დანგრევასთან დაკავშირებით და სხვ., მაგრამ ასევე უშედეგოდ.
სამრეცხაოს დანგრევის შემდეგ ჩვენ სარეცხს ხელშეკრულებით ვრეცხავდით კერძო სამრეცხაოში, რაც მძიმე ტვირთად აწვებოდა ცენტრის ისედაც მწირ ბიუჯეტს. ახალი კორონავირუსით ინფექციით პირველი შემთხვევის შემდეგ, კერძო სამრეცხაომ უარი თქვა სარეცხის მიღებაზე, რითაც ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდით და არ ვიცით, რა ვქნათ. აუცილებელია „ავერსი-ფარმამ“ უმოკლეს დროში გამოგვიყოს 25-30 კვ. მეტრი ფართი სამრეცხაოს მოსაწყობად (ამის საშუალება მათ აქვთ). ეს ახლა მით უფრო რეალურია, როცა „ავერსი-ფარმამ“ განაცხადა იჯარაზე თანხმობის შესახებ.
ყველა ამ საკითხზე ჩვენ არაერთგზის პირადად სიტყვიერადაც მივმართეთ სამინისტროს ხელმძღვანელ პირებს, მაგრამ ასევე უშედეგოდ.
სასამართლოში სარჩელის შეტანის გამო, ცენტრი და მითუმეტეს სამინისტრო შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან დელიკატურ, მძიმე სიტუაციაში. კერძოდ, თუ ჩვენ ჩვენს თავზე ავიღებთ პასუხისმგებლობას, მივიღებთ 10 ათასი ლარის ჯარიმას და უმძიმეს ბრალდებებს იმის გამო, რომ განსაკუთრებით საშიში ინფექციებით ავადმყოფებს ვემსახურებით ვენტილაციისა და უარყოფითი წნევის გარეშე, ხოლო თუ ჩვენ ვიტყვით სიმართლეს და მტკიცებულებად წარვადგენთ სამინისტროსა და „ავერსი-ფარმასადმი“ გაგზავნილ წერილებს, რამხელა სკანდალი აგორდება სამინისტროსა და სახელმწიფოს მისამართით, წარმოდგენაც კი ძნელია. მაინცდამაინც ეს გინდათ? და საერთოდ რატომ დაგჭირდათ ყველაზე ერთგული და პატივისცემელი ადამიანების მტრებად გადაქცევა.
თქვენ ყველამ ნახეთ, თუ როგორ იძლეოდა ბ-ნი სერგეენკო „მამა აბრამის ბატკნის“ სახით აღიარებით ჩვენებას, რომ ცენტრისთვის შენობის არმიცემა მისი შეცდომა და „დიდი, შესაძლოა ყველაზე დიდი ტვირთია“. მერე ამით ჩვენ, ან პაციენტებს რა შეღავათი? მან არ თქვა სიმართლე ბოლომდე, რომ მან შეგნებულად გაანადგურა ჩვენი ცენტრი და ის ამ მშვიდობიანი აღიარებით ვერ გადარჩება და მოუწევს მკაცრი პასუხისგება. მას ჩადენილი აქვს ძალიან მძიმე დანაშაული, როგორც ცენტრის, პაციენტების და ქვეყნის მიმართ, ასევე ძალიან დიდი უხერხულობა შეუქმნა ქვეყნის ხელმძღვანელობას. ის ცუდად დაამთავრებს.
მინდა გავიხსენო ერთი მსგავსი შემთხვევა წარსულიდან (თუმცა პირდაპირი ანალოგია არ არის). ბ-ნ სერგეენკოს კატეგორიულად არ უნდოდა „ჩვენი აშენებული ქვეყანა“ და ყველაფერს აკეთებდა ცენტრის გასანადგურებლად, მაგრამ იმდენად დიდი იყო თავის გამოჩენის და წარმატებული მინისტრის იმიჯის დამკვიდრების სურვილი, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის პირველი ორი წლის მანძილზე, ის ასრულებდა ყველა ჩვენს რეკომენდაციას. სწორედ ჩვენი შედგენილია ყველა გაიდლაინი და პროტოკოლი (იმ მომენტისთვის მკურნალობის 17 სხვადასხვა რეჟიმი იყო, ახლა სულ ორია), ჩვენ (და არა „ლუგარის ცენტრი“) ვაწარმოებდით ყველა მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიულ კვლევას, ჩვენი გათვლილი იყო მედიკამენტების საპროგნოზო რაოდენობები დაავადების გენოტიპის, სიმძიმის, სტადიის და ფორმების მიხედვით. ეს ძალიან ძნელი იყო, რადგან არავითარი გამოცდილება და სტატისტიკა არ არსებობდა, მაგრამ ჩვენი ყველა რეკომენდაცია და გათვლა ზედმიწევნით ოპტიმალური გამოდგა, პროგრამაში ჩართვა იყო ძალიან მაღალი, განკურნება - მსოფლიოში სარეკორდო (99%), მარტო ერთი ჩვენი ინოვაციური ინიციატივით (ჰარვონის გამოყენება მე-2 და მე-3 გენოტიპებით ავადმყოფებისათვის) 80%-დან 99%-მდე გაიზარდა პაციენტების განკურნების მაჩვენებელი და სახელმწიფოს დავუზოგეთ ინტერფერონის შესაძენად განკუთვნილი 1.5 მილიონი ლარი, ხოლო მოთხოვნილი მედიკამენტების რაოდენობა და ხარჯვა ერთი ერთზე ემთხვეოდა. 2017 წლიდან ბ-ნმა სერგეენკომ ჩათვალა, რომ ჩვენს გარეშეც გაართმევდა ამას თავს და გათვლები „თავისიანებს“ გადააბარა, ხოლო ე.წ. კონფირმაციული გამოკვლევები (პჯრ მეთოდით) მთავრობის დადგენილებით ჩამოგვართვა ყველა პროვაიდერს და მოახდინა მათი კონცენტრაცია „ლუგარის ცენტრში“. შედეგი ყველასთვის ცნობილია - პროგრამაში ჩართვა შემცირდა 70-დან 25%-მდე, რის გამოც გამოუყენებელი და ჩამოსაწერი გახდა 2 ათასი პაციენტის მედიკამენტი ნახევარ მილიარდ ლარამდე ჯამური ღირებულებით. ამის შემდეგ ჯერ ისევ თავისი მინისტრობის დროს ის იძულებული გახდა შეეცვალა თავისივე გადაწყვეტილება და მთავრობის ახალი დადგენილებით კონფირმაციული კვლევები ისევ ჩვენ დაგვიბრუნა, მაგრამ უკვე ძალიან გვიან იყო, დაგროვდა 18 ათასამდე პაციენტი, რომლებმაც იციან თავისი დაავადების შესახებ, მაგრამ დაიფანტნენ და არ მივიდნენ სამკურნალოდ. ასე შესწირა მან უბრალო შურს და ბოღმას თავისი პირადი კარიერა და ქვეყნის ინტერესები და ნახევარ მილიარდ ლარად ღირებული მედიკამენტები. სამწუხაროდ, ასეთია ადამიანის ბუნება.
ჩვენ არ ვიცით, ბ-ნ გახარიას დაპირების შემდეგ ცენტრისთვის შენობის გადმოცემა ჯანდაცვის სამინისტრომ დაბლოკა, თუ ეს იყო კიდევ ერთი დიდი ტყუილი სახელმწიფოს მხრიდან, მაგრამ ფაქტია, რომ ცენტრისთვის არავინ არაფრის გაკეთებას არ აპირებდა და რომ არა „ჩასაფრებული“ ტელევიზიების მიერ ატეხილი ხმაური, ეს საკითხი არ გააქტიურდებოდა. მაგრამ წარსულის მწარე გამოცდილებით ჩვენ არც ახლა გვაქვს დიდი იმედი, რომ შენობას მართლა გადმოგვცემენ, მითუმეტეს, რომ თქვენს ბოლო კომენტარში საზოგადოებრივ მაუწყებელთან არაფერი კონკრეტული არ არის ნათქვამი, ხოლო ის, რომ ინფექციური საავადმყოფოს მხარდაჭერა მნიშვნელოვანია და კომუნიკაცია მიმდინარეობს, უკვე ძალიან დიდი ხანია გვესმის და უკვე ცინიკურად ჟღერს. ასე, რომ ჩვენ ალბათ, მაინც მოგვიწევს გადავდგათ ისეთი რადიკალური ნაბიჯები, რისი გადადგმაც ძალიან არ გვინდა და რის შემდეგაც უკან დასაბრუნებელი გზა არ დარჩება.
სხვათაშორის, ალბათ იცით, რომ გუშინ შპს „ავერსი-ფარმას“ ხელმძღვანელობამ გაავრცელა ოფიციალური განცხადება იმის თაობაზე, რომ იგი მზად არის წლის ბოლომდე გააგრძელოს ხელშეკრულება. ამავე დროს, ისინი ხაზგასმით აცხადებენ, რომ მათთვის ხელშეკრულების გაგრძელების და კონტრაქტის პირობების შესახებ ოფიციალურად არავის არ მიუმართავს. თუ ეს სიმართლეა, ძალიან ცუდი, ხოლო თუ ის ცრუობს, მაშინ სამინისტრომ ამის დეზავუირება უნდა მოახდინოს.
პატივისცემით,
თენგიზ ცერცვაძე