From : Tengiz Tsertsvadze <tt@aidscenter.ge>
To : etikaradze@moh.gov.ge
Subject : ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი
Cc : tikhardziani@gmail.com
Received On : 12.04.2020 19:06

ქალბატონო ეკატერინე,          

 

მოგახსენებთ, რომ ა.წ. 6 აპრილს წერილობით მოგმართეთ თხოვნით COVID-19-ით ავადმყოფების კლინიკურ მენეჯმენტთან და მართვის ალგორითმებთან დაკავშირებულ საკითხებზე შეხვედრის თაობაზე, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია. არადა, ასეთი შეხვედრა დიდად შეუწყობდა ხელს ქვეყანაში COVID-19-ის მენეჯმენტის ოპტიმიზაციას.

 

როგორც მოგეხსენებათ, ჯანდაცვის სამინისტრომ 2020 წლის თებერვალში შეიტანა სარჩელი სასამართლოში მასზედ, რომ რეგულირების სააგენტოს კომისიის დასკვნით ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრს არა აქვს ვენტილაცია უარყოფითი წნევით და შესაბამისად, ვერ ასრულებს სანებართვო პირობებს.

 

რამდენი ხანია გეხვეწებით, რომ გაგვიკეთოთ ვენტილაცია უარყოფითი წნევით ბოქსირებულ განყოფილებაში და კიდევ ბევრი რამ, ან ხელი მოაწეროთ იჯარის ხელშეკრულებას, რათა ბ-ნმა კურტანიძემ ნება დაგვრთოს გადაუდებელი რაღაცეები ჩვენით გავაკეთოთ.

 

ა.წ. 7 აპრილს სასამართლო სხდომა ჩატარდა on-line. ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ სამინისტრო უკან გაიტანდა სარჩელს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ აღნიშნულ დარღვევაზე პასუხისმგებელი იყო სწორედ ჯანდაცვის სამინისტრო და არა ჩვენი ცენტრი. ან თუნდაც იმიტომ, რომ დღეს COVID-19-ით ავადმყოფებს მასიურად აწვენენ ისეთ კლინიკებში და პალატებში, სადაც არათუ უარყოფითი წნევა, არამედ ხშირად უბრალო ვენტილაციაც კი არ არის, მაგრამ პროცესზე სამინისტროს წარმომადგენლებმა

ბ-ნმა ტატო ტატალაშვილმა და ბ-ნმა თენგიზ საჩალელმა კატეგორიულად მოითხოვეს ჩვენი ცენტრის დასჯა (დაჯარიმება 10 ათას ლარამდე) იმ მოტივით, რომ „უარყოფითი წნევის არარსებობით ჩვენ საფრთხე შევუქმენით ბოქსირებული პალატების პაციენტებს“. უფრო მეტიც, მათ სურვილი გამოთქვეს, რომ დღესვე გადაემოწმებინათ და კიდევ ერთხელ დაედასტურებინათ აღნიშნული დარღვევა.  

 

მოსამართლემ, როგორც სჩანს უხერხულად იგრძნო თავი, რომ დაესაჯა (დაეჯარიმებინა) სამედიცინო დაწესებულება, რომელსაც სწორედ COVID-19-ით ავადმყოფების მკურნალობაში აქვს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო შედეგი და ქვეყანაში 67 გაჯანმრთელებული პაციენტიდან 44 პაციენტი სწორედ ჩვენს ცენტრზე მოდის და ბ-ნი ტატალაშვილის მხრიდან ზეწოლის მიუხედავად, შემოიფარგლა შენიშვნით, მაგრამ ეს არანაირად არ ცვლის სამინისტროს უკიდურესად არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულების ფაქტს ჩვენი ცენტრისადმი. ვერ ვხვდები ასე რამ გაგაბოროტათ? არაფერს რომ არ გვიკეთებთ, ეს არ კმარა? ეს სასამართლოში ჩივილი რაღა უბედურებაა?

 

ქ-ნო ეკატერინე! არაერთგზის გვითქვამს, რომ ჩვენ დიდი კმაყოფილებით შევხვდით თქვენს მინისტრად დანიშვნას, გვქონდა თქვენს მიმართ დიდი პიროვნული სიმპათია და ცენტრის პრობლემების მიმართ უკიდურესად ნეგატიური დამოკიდებულების მიუხედავად, მხარს გიჭერდით და თქვენს გვერდით ვიდექით ყველა წამოწყებასა და გადაწყვეტილებაში, მათ შორის COVID-19-თან დაკავშირებით. ჩვენ აგრეთვე ანგარიშს ვუწევთ სხვა ცნობილ გარემოებებსაც, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი და ჩვენ ვეღარ შევეგუებით იმას, რომ სამინისტროს მიზეზით (იჯარის ხელშეკრულებასაც კი არ აწერთ ხელს) საქმიანობა გვიწევს ასეთ არაადამიანურ, ღირსებისშემლახავ პირობებში და ამისთვის კიდევ აქეთ გვიჩივით სასამართლოში. ამაზე მეტი ცინიზმი შეიძლება?

 

ჩვენ ადრე არაერთგზის მოგმართეთ და კიდევ ერთხელ, უკვე მერამდედ გიდასტურებთ, რომ სამინისტროს ხელმძღვანელობის უკიდურესად დესტრუქციული ქმედებების შედეგად, ჩვენი ცენტრი საშინელ მდგომარეობაშია და ნამდვილად ვერ აკმაყოფილებს საქმიანობისათვის აუცილებელ მინიმალურ პირობებსაც კი და კიდევ ერთხელ მოგმართავთ წინადადებით, შეაჩეროთ ცენტრის საქმიანობა არამარტო  COVID-19-ით ავადმყოფებთან მიმართებაში, არამედ აივ/შიდსით (5 000-მდე ავადმყოფი), ვირუსული ჰეპატიტებით და სხვა ინფექციური დაავადებებით ავადმყოფებთან მიმართებაშიც, რათა აღარ დაგჭირდეთ სასამართლოში ჩივილი.  

 

გთხოვთ რეაგირებას უმოკლეს დროში.    

 

პატივისცემით,  

 

თენგიზ ცერცვაძე