From : Tengiz Tsertsvadze <tt@aidscenter.ge>
To : irakli.purtseladze@aversi.ge
Subject : ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრთან დაკავშირებით
Cc : etikaradze@moh.gov.ge; Tengiz Tsertsvadze <tt@aidscenter.ge>
Received On : 15.06.2020 11:15

შპს „ავერსი-ფარმას“ გენერალურ დირექტორს

ბ-ნ ირაკლი ფურცელაძეს


                                              ასლი               საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, 

                                                                      შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ქ-ნ ეკატერინე ტიკარაძეს

 

 

ბატონო ირაკლი,     

 

თქვენს ა.წ. 9 ივნისის წერილთან დაკავშირებით, რომელიც ეხება საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებას და ჩვენი ცენტრის მიერ დაკავებული ფართის 2021 წლის 1 ივლისს დაცლას, მოგახსენებთ შემდეგს:  

 

თუ რატომ ყოვნდება საიჯარო ხელშეკრულებაზე სამინისტროს მხრიდან ხელის მოწერა, ჩვენ არ ვიცით. სჯობს, მათ ჰკითხოთ.

 

რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, არ გვგონია, რომ რომელიმე ნორმალური სამედიცინო დაწესებულებისთვის მისაღები იყოს ისეთი ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს ცენტრის ადმინისტრაციის მუშაობას წვიმის ქვეშ გადახდილ ჭერიან შენობაში. ისევე, როგორც მხოლოდ საქართველოში შეიძლება მოხდეს ის, რაც ჩვენთან ხდება. იმის გამო, რომ არ იძლევით კომპიუტერული ტომოგრაფის სამონტაჟო და სხვ. სამუშაოების ჩატარების უფლებას, სხვადასხვა მძიმე, გადამდები და განსაკუთრებით საშიში ინფექციებით, მათ შორის COVID-19-ით, მენინგიტებით, შიდსით, ყირიმ-კონგოს ცხელებით და სხვ. ავადმყოფების, მათ შორის კრიტიკულად მძიმე და მართვით სუნთქვაზე მყოფი ავადმყოფების, კომპიუტერული ტომოგრაფიისათვის ტარება გვიწევს სხვა კლინიკაში. თუ თქვენ დაგვისახელებთ თუნდაც ერთ მსგავს პრეცედენტს მსოფლიოში, ჩვენ ყველა პრეტენზიას უკან წავიღებთ.     

 

რაც შეეხება კითხვას, თუ რა ეტაპზეა დიღომში ჩვენთვის შერჩეული შენობის გადმოცემის პროცესი, დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით, ვინაიდან ჩვენ თვითონ არ ვიცით. თან მწარე გამოცდილებით ასეთი შეპირებები ადრეც არაერთგზის ყოფილა, მაგრამ არ შესრულებულა. შესაბამისად, ვერ მოვაწერთ ხელს დოკუმენტს, რომელიც ითვალისწინებს დაუყოვნებლივ და უპირობოდ დავცალოთ/გავათავისუფლოდ დაკავებული ფართი 2021 წლის 1 ივლისს, რადგან ეს არანაირად არ არის ჩვენზე დამოკიდებული. ჩვენ დღესვე მზად ვართ, დავცალოთ აღნიშნული ფართი, თუ მივიღებთ ბრძანებას ჯანდაცვის და ეკონომიკის სამინისტროებიდან, ან თუ ამას გვაიძულებს სასამართლო და აღმასრულებელი. ჩვენ არაერთგზის გვაქვს გაცხადებული წერილობით ყველა დონეზე, რომ დღევანდელ პირობებში ცენტრის ფუნქციონირება არ შეიძლება, ისევე როგორც თავის დროზე არ შეიძლებოდა და ძალიან სერიოზული დანაშაული იყო, ჩვენი ცენტრის მსგავსი სამედიცინო დაწესებულების დატოვება საკუთარი ტერიტორიისა და შენობა-ნაგებობების გარეშე.

 

პატივისცემით,

 

 

თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის 

გენერალური დირექტორი

პროფესორი