ვრცელი გზავნილები აბრეშუმის გზის ფორუმთან დაკავშირებით:
• საქართველო იყო ერთ–ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც აბრეშუმის გზის ფორუმის ინიციატივას გამოეხმაურა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან 2015 წლის 9 მარტს ხელი მოაწერა „ახალი აბრეშუმის გზის“ ფარგლებში ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს.
• „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ შექმნის შესახებ გადაწყვეტილება ცნობილი გახდა 2014 წელს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, რომელსაც მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა.
• ღონისძიების მნიშვნელობიდან და მასშტაბურობიდან გამომდინარე, გადაწყდა, რომ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ გაიმართოს.
• „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ პირველად 2015 წლის 15-16 ოქტომბერს თბილისში გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღო 34 ქვეყნის ოფიციალური დელეგაციის წევრმა, მათ შორის უმაღლესი თანამდებობის პირებმა და 50 ქვეყნის ბიზნესის წარმომადგენელმა.
• 2017 წლის 28-29 ნოემბერს ფორუმს თბილისმა მეორედ უმასპინძლა - ღონისძიებაში 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-მდე დელეგატმა მიიღო მონაწილეობა.
• მესამე ფორუმი დაგეგმილია მიმდინარე წელს, ოქტომბერში. ფორუმზე მოწვეულია 60-მდე ქვეყნის 2000 დელეგატი, მათ შორის ვიცე-პრემიერები, ეკონომიკის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ვაჭრობისა და სხვა უწყებების უმაღლესი თანამდებობის პირები, საერთაშორისო, საფინანსო და დონორი ორგანიზაციების, პროფესიული ასოციაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
• „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ აზიასა და ევროპას შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. იგი მიზნად ისახავს, შექმნას და დაამკვიდროს სადისკუსიო პლატფორმა, სადაც აბრეშუმის გზის ინიციატივის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და კავშირებს საერთაშორისო და რეგიონალური ვაჭრობის სფეროში.
• ფორუმის ფარგლებში განიხილება ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა: ვაჭრობის ხელშეწყობა, ელექტრონული კომერციის განვითარება, ციფრული კავშირი, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკის სფეროში რეგიონთაშორისი შესაძლებლობები და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი.
• საქართველოს, თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, შეუძლია უმნიშვნელოვანესი ფუნქცია შეასრულოს ტრანსკონტინენტურ სავაჭრო დერეფანში, რომელიც ისტორიულად ჩინეთს ხმელთაშუა და შავი ზღვის ქვეყნებთან აკავშირებდა.
• „აბრეშუმის გზა“ ისტორიული მნიშვნელობის ინიციატივაა. მან გზა გაუხსნა თვისობრივად ახალი ტიპის თანამშრომლობას საქართველოსა და ჩინეთს შორის და შექმნა რეალური შესაძლებლობა, ევროკავშირსა და ჩინეთს შორის ტვირთბრუნვა საქართველოს ტერიტორიის გავლით უმოკლეს დროში განხორციელდეს.
• აბრეშუმის გზა, როგორც გლობალური ინიციატივა, გულისხმობს ერთობლივი პროექტების განხორციელებას, ვაჭრობის გაძლიერებას, მეტი ინვესტიციების მოზიდვას და ზოგადად, ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას პროექტში მონაწილე ქვეყნებს შორის.
• საქართველოს აქვს ყველა რესურსი, რომ შეასრულოს რეგიონული, სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული, ასევე სამრეწველო ჰაბის ფუნქცია ევროპა-აზიის სატრანსპორტო დერეფანში.
• ამ მიზნით საქართველოს მთავრობა ახორციელებს ძირეულ რეფორმებსა და პროექტებს, რომ განვითარდეს საქართველოს სახმელეთო, სარკინიგზო, საზღვაო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, აშენდეს სატრანსპორტო-ლოგისტიკური ცენტრები, გაიზარდოს პორტების, ახალი ტერმინალების რაოდენობა და ტვირთების მომსახურების შესაძლებლობები.
• სატრანსპორტო დერეფანი, რომლითაც საქართველო აკავშირებს ევროპას და აზიას, საქართველოს აძლევს მეტი ინტეგრაციისა და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებს ისეთ სექტორებში, როგორიცაა ტრანსპორტი, კომუნიკაციები, ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტურიზმი.
• საქართველოს ჩართულობა ახალი აბრეშუმის გზის პროექტში ზრდის სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს საქართველოსა და პროექტში მონაწილე სახელმწიფოებს, განსაკუთრებით, ჩინეთს შორის, ხელს უწყობს დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
• საქართველოს თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებები ჩინეთთან და ევროპის ქვეყნებთან, გეოგრაფიული მდებარეობა, მიმზიდველი საინვესტიციო გარემო და ბაზრის ღიაობა, სწორი ეკონომიკური პოლიტიკა და რეფორმები, რომლებსაც დადებითად აფასებენ საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები და ავტორიტეტული სარეიტინგო კომპანიები, მზარდი ეკონომიკა და რეგიონული მნიშვნელობის სავაჭრო პლატფორმის როლი დიდი ეკონომიკების მქონე ქვეყნებისთვის, არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი იმ მიზნების მისაღწევად, რომლებმაც ჩვენს ქვეყანას უნდა დაუბრუნოს ისტორიული კარიბჭის ფუნქცია და კიდევ უფრო გაზარდოს მისი როლი ევროპისა და აზიის თანამედროვე ეკონომიკურ ურთიერთობებში.