· ძალიან პოზიტიური და მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ დღეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში, 700-მდე დევნილ ოჯახს ბინები გადასცა. დამატებით, 270-ზე მეტ დევნილ ოჯახს კი ბინები წლის ბოლოს გადაეცემა.
· საქართველოს მთავრობამ, დევნილთა მიმართულებით მხარდაჭერის გაძლიერება მკაფიოდ დააფიქსირა, რაც აისახა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში, რომელიც ითვალისწინებს ჯანდაცვის სამინისტროსთვის, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად გამოყოფილი თანხების 10 მილიონი ლარით გაზრდას - კერძოდ, 67 მილიონ ლარამდე ( მაგალითისთვის, 2012 წლის დასაწყისში ეს თანხა შეადგენდა მხოლოდ 28 მილიონ ლარს), და ასევე, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის საცხოვრებლების ასაშენებლად გამოყოფილ 55 მილიონ ლარს.
· ასევე, ჩვენი ხელისუფლებისთვის ამ საკითხის განსაკუთრებულ პრიორიტეტულობაზე მეტყველებს ისიც, რომ 2012 წლიდან დღემდე, საცხოვრებელი ფართით 21 000-ზე მეტი დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა. ეს პროცესი აქტიურად გრძელდება და მაქსიმალური ძალისხმევა ხმარდება, რათა შეძლებისდაგვარად მოხდეს ამ პრობლემის გადაჭრა. თუმცა, აქვე ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ამას სჭირდება ძალიან დიდი რესურსი, რომელიც სამწუხაროდ ქვეყანას ერთიანად არ გააჩნია.
· სწორედ აქედან გამომდინარე, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, კონკრეტული კრიტერიუმების შესაბამისად ბინებს ანაწილებს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია. კომისიის მუშაობის პროცესში უშუალოდ მონაწილეობენ სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ამ ორგანიზაციების კომისიის მუშაობაში ჩართულობაც თავისთავად მიუთითებს, თუ რამდენად ღიად და გამჭვირვალედ მიმდინარეობს პროცესი.
· რაც შეეხება თავად კრიტერიუმებს, ისინი შემუშავებულია 2013 წელს, ასევე სახალხო დამცველის აპარატისა და ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების უშუალო მონაწილეობით. აღნიშნული კრიტერიუმებით ძირითადად განისაზღვრება თითოეული ოჯახის სოციალური ფონი – რა ვითარებაში ცხოვრობენ ისინი, აქვთ თუ არა სოციალური შემწეობა, მძიმე საცხოვრებელი პირობები და ა.შ. შესაბამისად, ეს განაპირობებს თანმიმდევრობას, თუ რომელ დევნილს სჭირდება ყველაზე მეტად ბინა, ვისთვის უფრო პრიორიტეტულია ამ ეტაპზე საცხოვრებელი ფართის გადაცემა.
· რაც შეეხებათ იმ პირებს, ვინც ამ ეტაპზე ვერ მოხვდა სიაში, მოგეხსენებათ სამინისტრომ გამოაცხადა მეორე ფაზა, რომლითაც წლის ბოლომდე მოხდება 270-ზე მეტი ბინის განაწილება თბილისში. მათ უნდა გაიარონ შესაბამისი რეგისტრაცია და, რა თქმა უნდა, აქაც აუცილებელი იქნება კრიტერიუმების დაკმაყოფილება.
· გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ახალმა მინისტრმა, ჯანდაცვის სამინისტროში ეფექტიანობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით, დაიწყო რეფორმები სხვადასხვა მიმართულებით. რეფორმა ხორციელდება მათ შორის დევნილთა მიმართულებითაც, რამაც საბოლოო ჯამში, მთელი ამ პროცესის კიდევ უფრო მეტად დაჩქარებას და ეფექტიანად განხორციელებას უნდა შეუწყოს ხელი.
· აქვე აღვნიშნავთ, რომ ეს თემა არის ძალიან სენსიტიური და მისი გამოყენება პოლიტიკური მიზნებით სრულიად ამორალურია. მით უფრო მაშინ, როდესაც ყველას გვახსოვს თუ რამხელა თანხები გაიფლანგა წინა ხელისუფლების დროს, რომელიც დევნილთა დასახმარებლად მეგობარმა ქვეყნებმა გამოგვიყვეს.